დავით ბაქრაძე - ხელისუფლება გიორგი რურუას თუ გაათავისუფლებს, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ შემდეგ მოსმენებშიც, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ცვლილებების უჩვენოდ დამტკიცება მოუწევთ
დავით ბაქრაძე - ხელისუფლება გიორგი რურუას თუ გაათავისუფლებს, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ შემდეგ მოსმენებშიც, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ცვლილებების უჩვენოდ დამტკიცება მოუწევთ

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავარი საფრთხე, რაც კონსტიტუციური კანონპროექტის პირველი მოსმენით ჩაგდებას უკავშირდებოდა, უკვე თავიდან არის აცილებული.

მისივე თქმით, ახლა ბურთი და პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლების მხარესაა.

დავით ბაქრაძის განმარტებით, ხელისუფლება გიორგი რურუას თუ გაათავისუფლებს, „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს შემდეგ მოსმენებშიც, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროცესს გაეთიშება.

„თუ ხელისუფლება შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას და გამოუშვებს გიორგი რურუას, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ შემდეგ მოსმენებშიც და ეს იქნება უკვე მართლაც არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილება, არამედ ცვლილება, რომელიც ასახავს პოლიტიკური ოპოზიციის თანხმობასაც.

თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მაშინ მათ მოუწევთ ამ ცვლილებების მიღება უჩვენოდ. მიღება აუცილებლად მოუწევთ, რადგან მეორე, მესამე მოსმენით ვეღარ ჩააგდებენ პროცედურულად. მაგრამ ეს იქნება ცვლილება, რომელიც არ ასახავს ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის მხარდაჭერას და შესაბამისად, პასუხისმგებლობა 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე მთლიანად ხელისუფლების მხარეს დარჩება“,- აღნიშნა ბაქრაძემ.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები 136 ხმით პირველი მოსმენით მიიღო. 

უმრავლესობის წევრებთან ერთად, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.

„ევროპული საქართველოს“ წევრები თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებდნენ, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალეს და საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.