„ევროპული საქართველო“ გადაწყვეტილებას ცვლის და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს
„ევროპული საქართველო“ გადაწყვეტილებას ცვლის და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხვალ არის დაგეგმილი.

„ხვალინდელი კენჭისყრა იქნება გადამწყვეტი და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: 8 მარტის შეთანხმებას აქვს ორი მთავარი კომპონენტი – ეს არის პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და საარჩევნო სისტემის შეცვლა, ამ მომენტის მდგომარეობით, არც ერთი ეს კომპონენტი შესრულებული არ არის. პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა და ხვალ იქნება კენჭისყრა.

იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას ჰქონდეს შესრულების პერსპექტივა, იმისთვის, რომ ხვალ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ ვიხილოთ ისეთივე გადაგდება, რომელიც ვიხილეთ ნოემბერში, ამით წერტილი არ დაესვას ქვეყანაში პროპორციულ და სამართლიან სისტემაზე გადასვლის პერსპექტივას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს ხვალინდელ სხდომაში და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ამით მიღწეული იქნება ორი ამოცანა – დარჩება და გაჩნდება მეტი დრო, რათა შეთანხმება შესრულდეს პოლიტიკური დევნის ნაწილში და გაჩნდება დამატებით დრო, საკონსტიტუციო მოსმენების დასრულებამდე, რომ პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება რურუას გამოშვებაზე.

„არ მივცემთ საშუალებას ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, კიდევ ერთხელ მოატყუოს საზოგადოება პროპორციულ არჩევნებზე. რატომ არის პირველი მოსმენა მნიშვნელოვანი, თუ ხვალ ჩავარდა საკითხი, პირველ მოსმენაზე, ეს ნიშნავს, რომ განხილვა დამთავრდა. პირველი მოსმენით გატანის შემდეგ, მეორე და მესამე მოსმენაზე საკითხი რომც ჩავარდეს, იმავე დღეს შეიძლება მისი ხელახლა შემოტანა. ხვალინდელი კენჭისყრა არის სრულიად გადამწყვეტი, ხვალ გადაწყდება პროპორციული არჩევნების ბედიც, პოლიტპატიმრების საკითხით და საქართველოში ნორმალური არჩევნების საკითხიც“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საუბარია, იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე მომზადდა. ამ ცვლილებების შედეგად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120-30 საარჩევნო მოდელით უნდა ჩატარდეს.

დატოვე კომენტარი