დავით ბაქრაძე - ივანიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად ის არსად წასულა
დავით ბაქრაძე - ივანიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად ის არსად წასულა

დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ბაქრაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება ადასტურებს, რომ რეალურად ის პოლიტიკიდან არ წასულა.

„ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად, ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა, სიტუაციას მართავს, „ქართულ ოცნებაში“ შექმნილი სიტუაცია და ამ პარტიის მხარდაჭერა მთლიანად ბიძინა ივანიშვილსა და მის პოზიციაზე დგას. საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა შიდა ბრალდებები და ვინ ვისკენ არის გადახრილი, მთავარია ის, რომ ქვეყანაში შექმნილ უზარმაზარ პრობლემებში დამნაშავეა ხელისუფლების ყველა ლიდერი – მოქმედიც, უმოქმედოც, ვითომ წასული და ვითომ მოსულიც. ამიტომ გამოსავალია არა იმაში, რომ ავყვეთ ეპისტოლარულ ჟანრში და ვარჩიოთ, ვინ მეტად დამნაშავეა და ვინ ნაკლებად, არამედ გამოსავალია ხელისუფლების შეცვლაში. ამის შესაძლებლობას იძლევა თვითმმართველობის არჩევნები და შარლ მიშელის ფორმულა, რომლითაც „ქართული ოცნება“ ჯერ უნდა დავამარცხოთ თვითმმართველობის არჩევნებში, შემდეგ მივიდეთ როგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.

ამასთან, ივანიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია. მისი თქმით, „მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“.