დავით ბაქრაძე - ახალი სახე არ ნიშნავს ადამიანს, რომელსაც არ უმუშავია და დღეს პირდაპირ მინისტრობა უნდა ისწავლოს
ახალი სახე არ ნიშნავს ადამიანს, რომელსაც არ უმუშავია და დღეს პირდაპირ მინისტრობა უნდა ისწავლოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობის შეფასებისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ვერც შემადგენლობით, ვერც ხედვით, ვერც პოლიტიკური წონით ეს ვერ იქნება ის მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და მოსახლეობის წინაშე მდგომი პრობლემების გადაწყვეტას.
„ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ეს მთავრობა არის ძალიან მოკლევადიანი და დროებითი, მაგრამ პრობლემა ის გახლავთ, რომ ამ მოკლე და დროებით ვადაშიც კი მეტი პრობლემა დაგროვდება ქვეყანაში და მეტი გაჭირვება ექნება ჩვენს მოსახლეობას, ამიტომ ჩვენი, როგორც ოპოზიციის ამოცანა არის, რომ არა მხოლოდ ამ მთავრობისთვის მხარის არდაჭერა – და მას მხარს არ დავუჭერთ მკაფიოდ, არამედ ჩვენი ამოცანა არის, მთლიანად, მთელი გუნდის შეცვლა და ქვეყნის სამართავად იმ გუნდის მოსვლა, რომელსაც აქვს საკმარისი კომპეტენცია, საკმარისი ხედვა და საკმარისი ელემენტარული პოლიტიკური ცნობადობა საზოგადოებაში იმისთვის, რომ ქვეყანა სტაბილურად მართოს და საზოგადოება წინ წაიყვანოს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძის მოსაზრებით, განვითარებულ და სტაბილურ ქვეყანაში ახალი სახე არ ნიშნავს უცხო სახეს.
„დღეს ჩვენ კაბინეტში ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც არ იცნობს არავინ, არ იცნობს საზოგადოება, არ იცნობენ პარლამენტის წევრები, არ იცნობენ უმრავლესობის წევრებიც კი. ამიტომ, ერთია, როდესაც ადამიანი მუშაობ კერძო ფირმაში და შეიძლება იყო წარმატებული მენეჯერი, მაგრამ სხვა არის, როდესაც იღებ პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე, როცა იღებ პასუხისმგებლობას ასიათასობით ოჯახის ცხოვრებაზე და მათ ხვალინდელ დღეზე. ამიტომ, ახალი სახე არ ნიშნავს უცხოს, ახალი სახე არ ნიშნავს გამოუცდელს, არ ნიშნავს ადამიანს, რომელსაც დღემდე არ უმუშავია და დღეს პირდაპირ მინისტრობა უნდა ისწავლოს მთავრობაში.
ყველა ნორმალურ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატიაში არის მაგალითად პარლამენტის წევრების გადასვლა მთავრობაში, რატომ არ მოხდა ეს ამ შემთხვევაში, არავინ არის უმრავლესობაში ისეთი პარლამენტის წევრი, ვინც შეიძლება მინისტრად გადასულიყო“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.