ცენტრალურ ხელისუფლებასთან გვექნება საუბარი, რომ დაუსრულებელ მშენებლობებზე დღგ-ისა და სხვა საგადასახადო შეღავათები გავრცელდეს, ხოლო ჩვენ შეგვეძლება გარკვეული შეღავათები სამშენებლო ფართების მომატების კუთხით განვიხილოთ, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა.
ილია ელოშვილის თქმით, დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით კახა კალაძის დღევანდელი განცხადება შემთხვევით არ გაკეთებულა.
„ამას წინ უსწრებდა როგორც ცენტრალურ მთავრობასთან მოლაპარაკება, ასევე მთელი თბილისის მასშტაბით ყველა დაუსრულებელი მშენებლობის ფაქტობრივად სრული ინვენტარიზაცია. საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს 170-ზე მეტი დაუსრულებელი მშენებლობა. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ქალაქისთვის, რადგან ის გახდა ანტისანიტარიის ბუდე, ასევე საფრთხის შემცველია მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ ხელი შევუწყოთ მფლობელებს, მეპატრონეებს, რომ მათ შეძლონ ამ მშენებლობების განვითარება“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.
თბილისის მერის მოადგილის თქმით, დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა არსებობს.
„ცენტრალურ ხელისუფლებასთან ჩვენ გვექნება საუბარი გარკვეულ საგადასახადო შეღავათებზე, დღგ-სა და სხვა საგადასახადო შეღავათებზე, ხოლო ჩვენ კი შეგვეძლება გარკვეული შეღავათები გარკვეული სამშენებლო ფართების მომატების კუთხით განვიხილოთ. არის რამდენიმე ღონისძიება, ინდივიდუალურად თითოეული ამგვარი მშენებლობისთვის იქნება მოლაპარაკება წარმოებული და ის ზომები მიღებული, რომელიც არის გონივრული, რომელიც დაეხმარება მათ, მშენებლობა დაასრულონ. ზოგ შემთხვევაში, იმისთვის, რომ მშენებლობა გახდეს კომერციულად საინტერესო, უნდა გაგრძელდეს მშენებლობა არა პირველადი სამშენებლო ფართებით, არამედ მომატებული სამშენებლო ფართებით. ესეც ერთ-ერთი ოფციაა. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ გარემოს გათვალისწინებით, სადაც ეს შესაძლებელია. ვგულისხმობ კოეფიციენტის გაზრდას. შესაძლოა, დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლება. ეს აპრობირებული მეთოდია, თუმცა გვინდა, კომპლექსურად შევხედოთ ამას, ცენტრალურმა და თბილისის მთავრობამ შეთანხმებულად იმოქმედოს და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც არსენალში გაგვაჩნია, გონივრულად გამოვიყენოთ, რათა გავაცოცხლოთ ეს მშენებლობები“, – დასძინა ელოშვილმა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემაზე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.