ილია ელოშვილი - უფასო სასადილოების მუშაობის შეწყვეტაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არც კვების წესები იცვლება
ილია ელოშვილი - უფასო სასადილოების მუშაობის შეწყვეტაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არც კვების წესები იცვლება

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი უფასო სასადილოების დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისის მერია მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ გეგმავს.

მისივე თქმით, სოციალურად დაუცველებისთვის არც კვების წესები იცვლება.

„ინფორმაცია, რომ უფასო სასადილოები წყვეტენ ფუნქციონირებას, სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე მტკნარი სიცრუეა, თითქოს ჩვენ ვაპირებთ კვების ახალი წესების შემოღებას. ყველა სასადილო მუშაობას ჩვეულებრივად განაგრძობს. ასევე, არც ერთი ტენდერი, რომელიც იყო გამოცხადებული ამ სასადილოების ირგვლივ, არ შეწყვეტილა“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

ილია ელოშვილის განცხადებით, მერიის მიერ ჩატარებული კვლევა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბაზარზე ფასების დადგენას.

„რაც შეეხება კვლევას, რომელიც ხელზე აქვს დახვეული ჩვენს ოპონენტებს, ეს არის საბაზრო კვლევა და ემსახურება იმას, რომ ჩვენ პერიოდულად დავტესტოთ ფასები ბაზარზე, ასევე, სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით ჩავატაროთ გარკვეული კვლევა. მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე, ბაღებში დავიწყეთ მზა პროდუქციის დარიგება. ამიტომ, ვფიქრობდით, რამდენად შესაძლებელი იყო ანალოგიური მიდგომა და იქნებოდა თუ არა ის უკეთესი ვარიანტი არსებულ პრაქტიკასთან მიმართებით. როგორც კვლევებმა აჩვენა, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ეს იყო შიდა კვლევა, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია. ამ კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ ვმუშაობდით, ალტერნატიული უფასო სასადილოების კუთხით, არის არარენტაბელური. შესაბამისად, შევწყვიტეთ ამაზე მუშაობა“, – აღნიშნა ელოშვილმა.

როგორც ელოშვილმა განაცხადა, უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის მენიუს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტი 20 მილიონიდან 25 მილიონამდე გაზარდა.

„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა გავზარდოთ კერძების რაოდენობა, მენიუ. შესაბამისად, წელს მერიამ 20 მილიონის ნაცვლად, 25 მილიონი გამოყო“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.