დასტურდება, რომ ატლანტის ოკეანის მთავარი დინება კოლაფსის ზღვარზეა — შედეგი დრამატული იქნება #1tvმეცნიერება
შარშან გამოქვეყნებული ერთი შემაშფოთებელი კვლევა მიუთითებდა, რომ დედამიწის მთავარი ოკეანური დინება კოლაფსისკენ მიემართებოდა. სამწუხაროდ, ახალი მონაცემები ამ მოსაზრებას ამყარებს.
„ტემპერატურის, ზღვის დონისა და ნალექების ცვლილება მწვავედ მოქმედებს საზოგადოებაზე და კლიმატური ცვლილებები შეუჩერებელია ადამიანის დროის სკალაზე“, — წერენ ახალი კვლევის ავტორები The Conversation-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
ნამდვილად საშინელი პერსპექტივაა. ახალი კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ადრეული გაფრთხილების სისტემაა, რაც უტრეხტის უნივერსიტეტის ოკეანოგრაფმა რენე ფონ ვესტენმა და მისმა კოლეგებმა გამოავლინეს.
მომავლის ამ სცენარმა მსოფლიო შეიძლება სულ მცირე გარკვეულწილად მაინც მოამზადოს.
„შევიმუშავეთ ფიზიკაზე დაფუძნებული და დაკვირვებადი ადრეული გამაფრთხილებელი სიგნალი, რომელიც მოიცავს მარილიანობის გადატანას ატლანტის ოკეანის სამხრეთ საზღვართან“, — წერენ მკვლევრები.
ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაცია (AMOC) ოკეანის დინებათა ვრცელი სისტემაა, რომელსაც თბილი, მლაშე წყალი ჩრდილოეთით გადააქვს. გზადაგზა ეს წყალი ცივდება და მკვრივდება. შემდეგ ცივი წყალი დაბლა მიდის და იქ არსებული წყალი ზედაპირზე ამოდის; ასე იქმნება ცირკულირების სისტემა, რომელიც შემდეგ კვლავ სამხრეთისკენ მიემართება.
შუა 1900-იანი წლებიდან, AMOC-ი მნიშვნელოვნად ნელდება.
მყინვარების დნობისა და წვიმების გახშირების გამო, ოკეანეში უფრო მეტი მტკნარი წყალი ჩაედინება, ზღვის წყალში მარილის კონცენტრაცია ეცემა და მლაშე წყლის სიმკვრივე იკლებს, რაც წყლის ჩაძირვის პროცესს შლის და ასუსტებს მთლიან ფიზიკურ ციკლს.
ამჯერად, ოკეანის სისტემების მოდელირებით, ფონ ვესტენმა და მისმა კოლეგებმა მიაგნეს გზას, რომლითაც დააფიქსირებენ, როდის მიუახლოვდება AMOC-ი გარდამტეხ წერტილს: შემცირდება მარილიანობა ატლანტიკის ყველაზე სამხრეთ საზღვარზე.
„მას შემდეგ, რაც ზღვარს მიაღწევს, გარდამტეხი წერტილი სავარაუდოდ ერთიდან ოთხ ათწლეულამდე პერიოდში დადგება“, — წერენ ავტორები.
AMOC-ს პირდაპირ მხოლოდ 2024 წლიდან მეთვალყურეობენ; შესაბამისად, ეს დრო საკმარისი არ არის დინების შენელების ტენდენციის სრული ტრაექტორიის დასადგენად. შედეგად, ცოდნის შესავსებად, მეცნიერები არაპირდაპირ ინდიკატორებს იყენებენ, მაგალითად, მარილიანობის დონეს.
ფონ ვესტენსა და მის ჯგუფს ჯერ ყველა ფაქტორი არ გაუერთიანებიათ, რათა ზუსტად იწინასწარმეტყველონ, როდის მოხდება AMOC-ის კოლაფსი, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ეს კატასტროფული მომენტი იმაზე გაცილებით ახლოსაა, ვიდრე მრავალი ამჟამინდელი სიმულაცია მიუთითებს.
ახალი მოდელირება თავად მტკნარი წყლით გამოწვეულ გარდამტეხ წერტილს იკვლევს და არ ცდილობს მისი დროის ქრონოლოგიის პროგნოზს. თუმცა, მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ AMOC-ი გაცილებით მეტად მგრძნობიარეა ცვლილებებისადმი, ვიდრე ამას მრავალი კლიმატური მოდელი მიუთითებს.
„ახალი კვლევა ადასტურებს წარსულის შიშებს იმის შესახებ, რომ კლიმატური მოდელები სისტემატურად, სათანადოდ ვერ აფასებს AMOC-ის სტაბილურობას“, — ამბობს პოტსდამის უნივერსიტეტის კლიმატოლოგი სტეფან რაჰმსტორფი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
AMOC-ი დედამიწის კლიმატზე დიდად ზემოქმედებს და შესაბამისად, ის ის ერთ-ერთი გარდამტეხი ელემენტია დედამიწის კლიმატის სისტემაში, რომელიც მეცნიერებს ასე აშფოთებთ. AMOC-ის კოლაფსი ციკლურად ხდება მილიონობით-წლიან მასშტაბებში; წარსულის შემთხვევებზე დაყრდნობით, ვიცით, რომ ამ დროს არქტიკა სამხრეთით ივრცობა და ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ტემპერატურის 15 °C-მდე კლებას იწვევს, აფერხებს ტროპიკულ მუსონებს და სამხრეთ ნახევარსფეროს კიდევ უფრო აცხელებს.
რეაქციათა ჯაჭვი, რომელიც ამას მოჰყვება, მკაცრად იმოქმედებს მთლიან ეკოსისტემაზე და სურსათის გლობალურ უსაფრთხოებაზე.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The Conversation-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.