რაც არ უნდა ძნელი წარმოსადგენი იყოს, თუ მცენარეს რაიმეს ავნებ, ის ყვირის. არა, ისე არა, როგორც ჩვენ, მაგრამ მაინც. ამ დროს, ისინი ხმებს ულტრაბგერით სიხშირეებში გამოყოფენ, რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს; ეს ბგერები კიდევ უფრო იზრდება, როცა მცენარე დასტრესილია. მეცნიერთა განცხადებით, ეს შეიძლება ერთ-ერთი გზა იყოს, რომლითაც მცენარეები თავიანთ გასაჭირის შესახებ გარშემო სამყაროს ამცნობენ.
„წყნარ მინდორზეც კი, არის ხმები, რომლებიც უბრალოდ არ გვესმის და ეს ხმები ინფორმაციის მატარებელია. არსებობენ ცხოველები, რომლებსაც ეს ხმები ესმით და შესაბამისად, არის იმის შესაძლებლობა, რომ იქ ბევრი აკუსტიკური ურთიერთქმედება ხდება“, — ამბობს თელ-ავივის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი ლილაჩ ჰადანი.
მისი განცხადებით, მცენარეები მწერებთან და სხვა ცხოველებთან მუდმივად ურთიერთქმედებენ; მრავალი ეს ორგანიზმი კომუნიკაციისთვის ბგერას იყენებს მისი არგამოყენება მცენარისთვის ძლიერ არაოპტიმალური იქნებოდა.
დასტრესილი მცენარეები არც ისე პასიურნი არიან, როგორც შეიძლება გვეგონოს. ამ დროს განიცდიან საკმაოდ დრამატულ ცვლილებებს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი (სულ მცირე ჩვენთვის) არის მძლავრ სუნების გამოყოფა. ასევე შეუძლიათ ფერისა და ფორმის შეცვლა.
ეს ცვლილებები ახლომდებარე სხვა მცენარეთათვის შეიძლება ერთგვარი სიგნალი იყოს, რომლებიც ამის საპასუხოდ, ზრდიან თავდაცვას; ანდაც იზიდავდნენ ცხოველებს, რომლებმაც შეიძლება მათ მავნებელი მწერები მოაშორონ.
თუმცა, ბოლომდე არ იყო შესწავლილი, გამოყოფენ თუ არა მცენარეები სხვა სახის სიგნალებს, მაგალითად, ბგერებს. რამდენიმე წლის წინ, ჰადანიმ და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ მცენარეს ბგერის დაფიქსირება შეუძლია. გაჩნდა შემდეგი ლოგიკური კითხვა იმის შესახებ, შეეძლოთ თუ არა მათ ბგერის წარმოქმნა თავადაც.
ამის გასარკვევად, მათ პომიდვრისა და თამბაქოს მცენარეები რამდენიმე სხვადასხვა გარემოში ჩაიწერეს. პირველად ჩაწერეს დაუსტრესავი მცენარეები. შემდეგ გაუწყლოებული და ღეროებგადაჭრილი მცენარეები. პირველი ჩაწერა ბგერაგაუმტარ აკუსტიკურ კამერაში ჩაატარეს, შემდეგ კი ჩვეულებრივი სათბურის გარემოში.
ამის შემდეგ მანქანური დასწავლის ალგორითმით სცადეს ერთმანეთისგან განესხვავებინათ დაუსტრესავი, ღეროგადაჭრილი და გაუწყლოებული მცენარეების მიერ გამოყოფილი ხმები.
მცენარეების მიერ გამოყოფილი ბგერები კაკუნის ან წკაპუნის ხმებს ჰგავს და არის დიაპაზონში, რომელიც ზედმეტად მაღალია ადამიანის ყურისთვის; ვრცელდება ერთი მეტრის რადიუსში. დაუსტრესავი მცენარეები ხმებს საერთოდაც არ გამოყოფენ, მშვიდად არიან გართული თავის მცენარეულ საქმიანობაში.
ამისგან განსხვავებით, დასტრესილი მცენარეები გაცილებით ხმაურიანები არიან და საათში საშუალოდ 40 კაკუნს გამოყოფენ, სახეობათა შესაბამისად. ბგერების გამორჩეული პროფილი აქვთ წყალნაკლულ მცენარეებს. ხმების გამოცემას ისინი იქამდე იწყებენ, ვიდრე გაუწყლოების ნიშნები დაეტყობათ და სულ უფრო ძლიერდება მცენარის გამოშრობასთან ერთად, საბოლოოდ კი, მცენარის გახმობისას წყდება.
ალგორითმმა ამ ხმების ერთმანეთისგან გარჩევა შეძლო; ასევე გაარჩია, რომელი სახეობის მცენარე გამოყოფდა მათ. ისინი მხოლოდ პომიდვრის და თამბაქოს ძირები არ ყოფილა. მკვლევართა ჯგუფმა სხვადასხვა მცენარე მოსინჯა და აღმოაჩინა, რომ ბგერების წარმოქმნა საკმაოდ არის გავრცელებული მცენარის აქტივობაში. ბგერები ასევე ჩაიწერეს ხორბლის, სიმინდის, ვაზის, კაქტუსის და ვაზისძირას შემთხვევაში.
თუმცა, რამდენიმე რამ ჯერ მაინც გაურკვეველია. მაგალითად, უცნობია, როგორ წარმოიქმნება ბგერები. წინა კვლევაში, გაუწყლოებულ მცენარეებში კავიტაცია (სიღრუეების წარმოქმნა) შენიშნეს — პროცესი, როდესაც ღეროში აირის ბუშტუკები ჩნდება, დიდდება და სკდება. ამ შემთხვევაში, ადამიანის ყური სკდომის ხმებს აღიქვამს. შეიძლება, ამ შემთხვევაშიც რაღაც ასეთი ხდებოდეს.
ჯერ არც ის ვიცით, წარმოქმნის თუ არა ბგერებს სხვა სტრესული გარემო პირობებიც. ამისკენ მცენარეს ასევე შეიძლება უბიძგოს პათოგენებმა, თავდასხმამ, ულტრაიისფერმა გამოსხივებამ, ტემპერატურულმა უკიდურესობებმა და სხვა გვერდითმა ეფექტებმა.
ასევე უცნობია, ბგერების წარმოქმნის უნარი მცენარეებში ადაპტაციური განვითარების შედეგია თუ არა. რადგან ალგორითმმა ხმების მიხედვით მცენარეების გამორჩევა შეძლო, არ არის გამორიცხული, იგივე სხვა ორგანიზმებსაც შეეძლოთ.
გარდა ამისა, ამ ორგანიზმებმა შეიძლება დასტრესილ მცენარეებთან სხვადასხვა გზით შეპასუხებაც ისწავლეს.
„მაგალითად, ჩრჩილმა, რომელსაც მცენარეზე კვერცხების დადება სურს ან ცხოველმა, რომელსაც მცენარის შეჭმა სურს, საკუთარი განზრახვის განხორციელებისას შეიძლება სწორედ ამ ბგერებით იხელმძღვანელოს“, — ამბობს ჰადანი.
გაურკვეველია, გრძნობენ თუ არა ამ ბგერებს სხვა მცენარეები. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ბგერების საპასუხოდ, მცენარეებს გვალვებისადმი შემგუებლობის ზრდა შეუძლიათ; შესაბამისად, გამორიცხული არაფერია. სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს ჯგუფი კვლევის გაგრძელებას.
კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.