დასავლეთ საქართველოს მუფთი - ძალიან სამწუხაროა, რაც სოფელ ბუკნარში მოხდა, ვიმედოვნებ, ყველაფერი უმოკლეს ხანში დასტაბილურდება და ერთი ერის წარმომადგენლები მეგობრულად გააგრძელებენ ცხოვრებას
იმედი მაქვს, ყველაფერი უმოკლეს ხანში დასტაბილურდება და ერთი ერის წარმომადგენლები ისევ ერთად, მეგობრულად გააგრძელებენ ერთ სოფელში ცხოვრებას, – ამის შესახებ დასავლეთ საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ სოფელ ბუკნარში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან სამწუხაროა, რაც გუშინ სოფელ ბუკნარში მოხდა. ყოვლად მიუღებელია ძალადობა და დაპირისპირება. სხვადასხვა პრობლემების მოგვარების ერთადერთი უალტერნატივო გზა არის დიალოგი და მოლაპარაკება. გუშინ, როგორც კი ეს ამბავი შევიტყვე, ჩავედი ბუკნარში, გახლდით ადგილზე, იქ გავესაუბრე ჩვენს მლოცველებს. თვითონ მლოცველებიც გამოთქვამენ გულისტკივილს, რომ ასეთი არასასიამოვნო ფაქტების მომსწრე არის სოფელი და გამოთქვამენ მზაობას, რომ დასტაბილურდეს სიტუაცია. ოღონდ მათ ხელი არ შეეშალოთ ლოცვების გაგრძელებაში. ლოცვები რამდენიმე თვეა, ტარდება. ჩვენ დღეს ყველა ერთად უნდა გავისარჯოთ, უნდა ვიზრუნოთ – სახელმწიფომ, საზოგადოებამ, სასულიერო პირებმა, იგივე მასმედიამ, რომ დასტაბილურდეს სიტუაცია და ჩვენ ვიყოთ კონსტიტუციით აღიარებული აღმსარებლობის თავისუფლების გარანტი. დღეს როგორც მაცნობეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან იყო შეხვედრა, ძალიან კმაყოფილი დარჩნენ იქ მლოცველები. იმედი მქავს, ყველაფერი უმოკლეს ხანში დასტაბილურდება და ისევ ერთად, მეგობრულად გააგრძელებენ ერთ სოფელში ცხოვრებას ერთი ერის წარმომადგენლები. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ ყველანი. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. განსხვავებულობა, ამ შემთხვევაში რელიგიური განსხვავებულობა არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული კულტურული სიმდიდრე და ამ მრავალფეროვნებით ვამაყობთ დღეს. უნდა გავუფრთხილდეთ და განვამტკიცოთ მომავალში უფრო და უფრო. იმედია, მოლაპარაკებებისა და იგივე ხელისუფლების ჩართულობით, ვითარება უმოკლეს ხანში განიმუხტება და ხალხი დაუბრუნდება მშვიდობიან ცხოვრებას. ამის ალტერნატივა არ არსებობს“, – განაცხადა ადამ შანთაძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის გუშინ დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.
ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა
აცხადებს, რომ ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს.
ჩოხატაურის მერიაში ამ წუთებში ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები მხარის გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტის მერს
ხვდებიან.