დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, 300-ლარიანი დახმარება განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დაიწყო პორტალზე – https://eservices.rs.ge.

რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებსა და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

რეგისტრაცია 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ ორი დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად).

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო თავის მხრივ, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ასევე სამი სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს კომპენსაციის ჩარიცხვას.