დაპატიმრებული პასტორის ადვოკატი თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს
ამერიკელი პასტორის ადვოკატი თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. ამის შესახებ თავად ენდრიუ ბრანსონის დამცველმა, ისმაილ ჰალავურტმა Hurriyet-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
თურქულ გამოცემასთან საუბრისას ადვოკატმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას იზმირის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც პასტორის ციხეში დარჩენას ითვალისწინებს, მათთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. ენდრიუ ბრანსონის ადვოკატის თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს არ დააკმაყოფილებს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.
ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გამწვავების მიზეზი გახდა. პასტორის გათავისუფლების მოთხოვნის და ოფიციალური ანკარის მხრიდან, მისი უგულვებელყოფის გამო, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომი დაიწყო.
Reuters-თან ინტერვიუში, ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ენდრიუ ბრანსონის საქმესთან დაკავშირებით, თურქეთთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებას ოფიციალური ანკარა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.