დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.
აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა.
ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი დაუშვებელია ორსული ქალებისთვის ნებისმიერი წონის ტვირთის გადატანა.
დოკუმენტის თანახმად, ორსულობისას და მშობიარობიდან 16 კვირამდე მძიმედ და საშიშად მიიჩნევა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ხშირ მოუხერხებელ მოძრაობებთან და პოზებთან, როგორიცაა მაგალითად სხეულის მნიშვნელოვანი დაჭიმვა (იგულისხმება გასწორება) ან მოხრა, ხანგრძლივი ჩაცუცქვა ან დახრა, ასევე საქმიანობა სხეულის ფიქსირებული პოზით მოძრაობის გარეშე. აკრძალულია ასვლა-ჩამოსვლა ვერტიკალურ კიბესა და ბოძზე ფეხმძიმობის დადგენის დღიდან. რეკომენდებულია დამსაქმებელმა ღამის სამუშაოზე დასაქმებული ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალი გადაიყვანოს დღის სამუშაოზე, თუ ეს შეუძლებელია, გაათავისუფლოს დასაქმებული თავისი მოვალეობის შესრულებისაგან დროებით. ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ დაიშვებიან ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დასველებასთან დაკავშირებულ და ორპირ ქარში მუშაობასთან. მათთვის ასევე დაუშვებელია მუშაობა ბუნებრივი განათების არმქონე უსარკმელო და გაუნათებელ სათავსებში.
ამ კატეგორიის ქალებისთვის აკრძალულია ღამის სამუშაოების შესრულება, მუშაობა ცვლებში რეგულარული ცვლიანობის უკუროტაციის სისტემით (ღამის ცვლა, გვიანი ცვლა და ადრიანი ცვლა) ან ერთმანეთის მომდევნო ცვლებში მუშაობა.
რაც შეეხება სამუშაო ადგილის ორგანიზებას, ბრძანება ადგენს, რომ ორსული ქალებისათვის უნდა მოეწყოს სტაციონარული სამუშაო ადგილები სამუშაოთა ოპერაციების შესასრულებლად თავისუფალ რეჟიმსა და პოზაში, რაც იძლევა სურვილისამებრ მდგომარეობის შეცვლის შესაძლებლობას.
დაუშვებელია მუდმივად „მჯდომარე”/„მდგომარე” პოზაში მუშაობა, სიარული. ორსული ქალების სამუშაო ადგილი უნდა აღიჭურვოს სპეციალური მბრუნავი სკამით, რომლის ცალკეული ელემენტები (თავის მისაყუდებელი, საზურგე, სახელური, საჯდომი და სხვ.) რეგულირდება ინდივიდუალურად. სკამის საზურგე ან საჯდომი ნაწილი უნდა იყოს დაფარული ნახევრად რბილი არასრიალა მასალით, რომელიც იოლად ექვემდებარება სანიტარიულ დამუშავებას. ორსული ქალებისთვის საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს ქვესადგომი ფეხებისთვის სიმაღლისა და დახრილობის რეგულირების შესაძლებლობით. ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისთვის მძიმედ და საშიშად მიიჩნევა სამუშაო შენობა-ნაგებობებში, სადაც ტემპერატურა სცილდება +15 გრადუსიდან +25 გრადუსამდე დიაპაზონის ზღვარს. ტემპერატურისას, თუ ის +15 გრადუსზე ნაკლებია, საჭიროა თბილი სასმელების მიწოდება. სამუშაოები +15 გრადუსზე და ქვემოთ დასაშვებია, თუ დამსაქმებელს გააჩნია ტანსაცმელი, რომელიც მორგებულია თერმულ სიტუაციაზე და საქმიანობის შესაფერისია.
ბრძანების თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია რისკის არსებობის შემთხვევაში შეაფასოს ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისთვის მოცემულ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკის ხასიათი, ხარისხი და ხანგრძლივობა და აცნობოს მათ იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელება აუცილებელია ამ რისკების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად.
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის განმარტებით, აღნიშნული პირობების შესრულების შემოწმებას ინსპექტორები უკვე ხვალიდან დაიწყებენ, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი, საფრთხის ხარისხიდან გამომდინარე, იმოქმედებს როგორც გაფრთხილება, ისე ფულადი სანქციები და საწარმოო პროცესის გაჩერებაც.