დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ახალი პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ დააფუძნეს
დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ახალი პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ დააფუძნეს. პარტიის დამფუძნებლები პარლამენტისა და საკრებულოს ექვსი მოქმედი დეპუტატი მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და ჯაბა ჯიშკარიანი არიან.
დღეს დაამტკიცეს პარტიის პოლიტიკური თანამდებობის პირები, პოლიტიკური საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრები. პარტიის წევრების განცხადებით, 10 ივლისის შემდეგ, პარტიის რეგისტრაციის პროცედურების დასრულებისთანავე, საზოგადოებას გუნდის ახალ წევრებს წარუდგენენ.
როგორც მარიამ ჯაშმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ აღნიშნა, პარტია საარჩევნო პროგრამას პირველ აგვისტოს წარადგენს.
„დღეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადადგა ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ. ჯერ წინ გვაქვს უამრავი პროცედურები, თუმცა გაფართოებული გუნდით საზოგადოების წინაშე ჩვენ წარდგებით 10 ივლისის პერიოდიდან. პირველ აგვისტომდე ვგეგმავთ საარჩევნო პროგრამის დასრულებას, რომელიც იქნება უაღრესად შინაარსზე ორიენტირებული, კონკრეტულ ნაბიჯებზე და ჩვენ ვემზადებით 2020 წლის არჩევნებისთვის. ვეცდებით, პარტიაში გავაერთიანოთ როგორც პროფესიონალიზმით, ასევე საზოგადოებრივი ნდობით გამორჩეული პოლიტიკოსები, საზოგადოების სამეცნიერო წარმომადგენლები. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ახალ ალტერნატივას შევთავაზებთ საზოგადოებას“, – აცხადებს მარიამ ჯაში.
მისივე თქმით, კატეგორიულად გამოირიცხება თანამშრომლობა როგორც მმართველ ძალასთან, ისე გაერთიანებულ ოპოზიციასთან. ჯაშის განმარტებით, მათი მიზანია, შექმნან ახალი ალტერნატივა, რომელიც იქნება ხალხის ინტერესებზე და ხალხის სამსახურზე ორიენტირებული.
„ამ ეტაპზე ჩენ გვაქვს დამოუკიდებლად მონაწილეობის სურვილი. თუ კი იქნება რაიმე ტიპის კოალიციაზე საუბარი, ეს უნდა იყოს პირველ რიგში ღირებულებით გაერთიანებული ერთობები. ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელთან ერთადაც შევალთ აქტიურად როგორც საარჩევნო პროგრამის, ისე ღირებულების ნაწილში, მაგრამ ძალიან აქტიურდება პოლიტიკური გარემო და ვნახოთ, რა ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, კონსულტაციებისთვის მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან ადრეა კონკრეტიკაზე საუბარი. ჩვენთვის ამ ეტაპზე არის ორი პოლისი, როგორც „ქართული ოცნების“, ასე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარე და მის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციური მაგიდა. ჩვენ კატეგორიულად გამოვრიცხავთ ორივე ძალასთან თანამშრომლობას. ჩვენ გვინდა ახალი ალტერნატივის შექმნა, რომელიც იქნება ხალხის ინტერესებზე და ხალხის სამსახურზე ორიენტირებული“,- განუცხადა ჟურნალისტებს მარიამ ჯაშმა.