დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა პარლამენტში რეზოლუციის პროექტი შეიტანა
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა პარლამენტში რეზოლუციის პროექტი შეიტანა

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა პარლამენტში რეზოლუციის პროექტი შეიტანა, რომელიც მათი თქმით, სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის აღიარებას და მისი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებებს ითვალისწინებს.

როგორც იურისტმა კახა წიქარიშვილმა აღნიშნა, რეზოლუციაში წერია, რომ სასამართლოში მძიმე კრიზისია.

„ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ რეზოლუციის პროექტი სასამართლოში კლანური მმართველობის აღიარების შესახებ. რეზოლუციაში წერია, რომ სასამართლოში მძიმე კრიზისია. ეს მორალური, საკადრო, რეპუტაციული და ღირებულებითი კრიზისია. აუცილებელია, პირველ რიგში აღიარებული იყოს პრობლემა, რომელიც სასამართლოში არსებობს. ამის შემდეგ კი დაიგეგმოს ღონისძიებები პრობლემის დაძლევის მიზნით. თუ პრობლემის აღიარება არ მოხდა, მანამდე ამ პრობლემის დაძლევას და მის გამოსწორებას ვერ მოვახერხებთ. სასამართლოს ვერ უშველის კობახიძის მიერ შემოთავაზებული ღია და უპრეცენდენტო გამჭვირვალე პროცედურები და მიქაუტაძის დავარცხნილი გამონათქვამები და მისი საჯარო გამოსვლები“, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

მისივე თქმით, რეზოლუციის ავტორია 18 იურისტი, რომლებსაც მართლმსაჯულების სფეროში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვთ.

„ჩვენ პარლამენტისგან ვითხოვთ, ამ რეზოლუციას ინიცირება გაუკეთოს. ამის გაკეთება ნებისმიერ დეპუტატს შეუძლია. პარლამენტს ვთხოვთ, რეზოლუციას მხარი დაუჭიროს და ამ საკითხზე დისკუსია გაიმართოს. თუ მოესწრება, რეზოლუციის განხილვა ამ საგაზაფხულო სესიაზე უნდა მოხდეს. ოპოზიციიდან ჩვენ უკვე მხარს გვიჭერს ორი საპარლამენტო ჯგუფი. ეკა ბესელიას ახალი პარტია და „ევროპული საქართველო“. იმედი გვაქვს, საკანონმდებლო წინადადების ინიცირება მოხდება და რეზოლუციას მაქსიმალურად ბევრი დეპუტატი გაიზიარებს“,- განაცხადა წიქარიშვილმა.

წიქარიშვილის ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტს მხარს უჭერს შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია, რვა პოლიტიკური ჯგუფი და 300-მდე მოქალაქე.