კახა წიქარიშვილი - სასამართლოში არსებულ მდგომარეობას თავისი სახელი უნდა დაერქვას
კახა წიქარიშვილი - სასამართლოში არსებულ მდგომარეობას თავისი სახელი უნდა დაერქვას

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა პარლამენტში რეზოლუციის პროექტი შევიტანეთ, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოში კლანური მმართველობის შეფასებას, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თანაშემწე, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელმა,  კახა წიქარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციის მიზანია სასამართლოში არსებულ მდგომარეობას თავისი სახელი დაერქვას.

„სასამართლოს შესახებ სიმართლე უნდა ვიცოდეთ. ჩვენ დღეს სიმართლის შესახებ ვისაუბრებთ და ვეცდებით, პარლამენტს კიდევ ერთხელ ამ თემებზე ვესაუბროთ – ეს სიმართლე რა არის, საიდან მოდის და სასამართლოსთვის რა შედეგებს იწვევს. სიმართლე არის ის, რომ სასამართლოში კლანი გვყავს, ანუ ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს სასამართლოს მართავდნენ და შავბნელი საქმეების ორგანიზებით იყვნენ დაკავებული. ამ ხალხს მილიონი ცუდი ქეისი აქვს დაორგანიზებული. ეს ადამიანები ამ რეზოლუციის მეშვეობით პრაქტიკულად გამოვლენილია. ეს არის მმართველი ფენა, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს და რაც არის ახლა. პრაქტიკულად ერთი და იგივე მმართველი ფენაა“, – განცხადა კახა წიქარიშვილმა.

მიმდინარე წლის 4 ივნისს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს რეზოლუციის პროექტით მიმართა, რომელიც მათ ინფორმაციით, „მიზნად ისახავს სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის შეფასებას და ამ პრობლემის დაძლევის მიზნით საჭირო საკანონმდებლო ღონისძიებების დაგეგმვას“.

რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა რვა პოლიტიკურმა ჯგუფმა და შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. აღნიშნულთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან თანამშრომლობით დღეს საქართველოს პარლამენტში შეხვედრა იმართება, სადაც მიწვეული არიან რეზოლუციის მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე დეპუტატები.