სასტუმრო „რუმს თბილისში“ ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ორგანიზებით, დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე ექვსთვიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს.
დამოუკიდებელ ინსპექტორს თანამდებობაზე არჩევიდან დღემდე, ჯამში 272 დისციპლინური საჩივარი გადაეცა. 2018 წლის 15 ივნისის მდგომარეობით, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ 100-მდე საჩივარზე დასკვნა მომზადდა. საკითხი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთ სადისციპლინო სხდომაზე განიხილეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებისა და ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება 25-მდე საქმეზე მიიღო.
საჩივრები უმეტესწილად შეეხებოდა საქმეთა განხილვის გაჭიანურებას, მოსამართლის მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასა და სასამართლოს მიერ მიღებული აქტის კანონიერებას.
დღესვე დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართება.
ვებგვერდი მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაზრდის მიზნით ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ის ორენოვანია და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირებისთვის. ასევე ვებგვერდზე განთავსებულია საჩივრის ფორმა და შევსების ინსტრუქცია. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებას კანონი არ ავალდებულებს, ვებგვერდზე ხელმისაწვდომი იქნება დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ სტატისტიკური მონაცემები. ინფორმაცია პერიოდულად აიტვირთება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე.
ღონისძიებას ესწრებიან ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, კრისტიან ურსე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიაქუტაძე; სასამართლოების თავმჯდომარეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.