დაკარგული ბესლან წუწაშვილის დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ოჯახში არ ადასტურებენ
პანკისში მცხოვრები ბესლან წუწაშვილის დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ოჯახში არ ადასტურებენ.
როგორც პირველ არხს დედამ, ლეილა უმაროვამ განუცხადა, მას შვილი ამ დრომდე არ დაკავშირებია. გამორთულია მისი შვილის კუთვნილი ტელეფონიც, რომელზე დარეკვასაც მთელი დღეა ცდილობს.
„თუ ჩამოვიდა ჩემი შვილი, აუცილებლად დამირეკავდა, მომიკითხავდა და რომ ვეძებთ, ამასაც გაიგებდა. ნეტავ, სიმართლე იყოს, მაგრამ მის გამოჩენას მხოლოდ მაშინ დავიჯერებ, როცა დამირეკავს ან თავად ჩემი თვალით ვნახავ“, – ამბობს უმაროვა.
პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ბესლან წუწაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ მას გამოკითხვაზე პოლიციაში დაიბარებენ.
პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრის, ბესლან წუწაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში საქართველოს „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი ჩაერთო.
პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრმა 28 წლის ბესლან წუწაშვილმა, რომელიც ჩეჩნეთში მიმეგზავრებოდა, 6 ივნისს ლარსის გამშვები პუნქტი გადაკვეთა და მას შემდეგ ოჯახს არ დაკავშირებია.
ახლობლებმა ბესლანის თანმხლები პირებისგან შეიტყვეს, რომ იგი გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტერორიზმის ბრალდებით დააკავა.
ოჯახის განცხადებით, ბესლან წუწაშვილმა ლარსის გამშვები პუნქტი სხვადასხვა დროს რამდენჯერმე გადაკვეთა, თუმცა არასდროს პრობლემა არ შექმნია და ტერორიზმთან მის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.