პანკისში მცხოვრები ბესლან წუწაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ოჯახი სამართალდამცავებისგან პასუხს ითხოვს
პანკისში მცხოვრები ბესლან წუწაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ოჯახი სამართალდამცავებისგან პასუხს ითხოვს

პანკისში მცხოვრები ბესლან წუწაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ოჯახი სამართალდამცავებისგან პასუხს ითხოვს და აცხადებს, რომ დღემდე არ აქვთ ინფორმაცია, გადაკვეთა თუ არა წუწაშვილმა საზღვარი.

ოჯახმა მხოლოდ ბესლანის თანამგზავრებისგან გადმოცემული ინფორმაცია იცის, თუმცა რამდენად შეესაბამება სიმართლეს, გაურკვეველია.

წუწაშვილის დედის, ლეილა უმაროვას თქმით, გადმოცემით იცის, რომ ბესლანი ლარსის გამშვები პუნქტის გადაკვეთისას უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

„ჩემს შვილთან ერთად ვინც იყვნენ, ისინი გროზნოში ჩავიდნენ. ჩემებთან ბესლანის ჩანთაც მიიტანეს და უთხრეს, დაკავებისას საზღვარზე უთქვამთ, რომ ბესლანი თითქოს ტერორისტი იყო და იმიტომ აკავებდნენ. ჩემი შვილი საზღვარზე მეხუთედ გადადიოდა, არც ერთხელ პრობლემა არ ყოფილა, მას არანაირი შეხება არ ჰქონია არც ტერორისტებთან, არც ვაჰაბიტებთან და არც კადიროვთან. უბრალოდ ვიზის ამოწურვამდე მაღაზიაში მუშაობდა ხოლმე გროზნოში და მერე ისევ ბრუნდებოდა და რუსთავის ბაზრობაზე მუშაობდა“,- აცხადებს ბესლან წუწაშვილის დედა ლეილა უმაროვა.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, წუწაშვილის ოჯახის განცხადების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამძებრო მოქმედებები.