პანკისში მცხოვრები ბესლან წუწაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში საქართველოს „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი ჩაერთო
პანკისში მცხოვრები ბესლან წუწაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში საქართველოს „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი ჩაერთო

პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრის, ბესლან წუწაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში საქართველოს „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი ჩაერთო.

ოჯახის ინფორმაციით, წუწაშვილი ლარსის გამშვები პუნქტის გადაკვეთის შემდეგ გაუჩინარდა.

როგორც დაკარგულის დედამ, ლეილა უმაროვამ პირველ არხს განუცხადა, ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობას მან განცხადებით უკვე მიმართა.

„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობის კომუნიკაციების სამსახურის უფროსის, მაია ქარდავას განმარტებით, ოჯახის წევრის დაკარგვის შესახებ განცხადების საფუძველზე, მოძიების სამსახურის მიერ, მყისიერად გაეგზავნა ინფორმაცია „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო დელეგაციებს.

„შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ვცდილობთ, გავარკვიოთ დაკარგულის ადგილსამყოფელი და ოჯახს მივაწოდოთ ინფორმაცია. ჩვენი წარმომადგენლები არიან მსოფლიოს 90 ქვეყანაში და მათი საშუალებით, დელეგაციებს შორის კავშირით ხდება დაკარგული პიროვნების ძებნა“, – აცხადებს მაია ქარდავა.

პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრმა 28 წლის ბესლან წუწაშვილმა, რომელიც ჩეჩნეთში მიმეგზავრებოდა, 6 ივნისს ლარსის გამშვები პუნქტი გადაკვეთა და მას შემდეგ ოჯახს არ დაკავშირებია.

ახლობლებმა ბესლანის თანმხლები პირებისგან შეიტყვეს, რომ იგი გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტერორიზმის ბრალდებით დააკავა.

ოჯახის განცხადებით, ბესლან წუწაშვილმა ლარსის გამშვები პუნქტი სხვადასხვა დროს რამდენჯერმე გადაკვეთა, თუმცა არასდროს პრობლემა არ შექმნია და ტერორიზმთან მის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.