დაღუპული ჯარისკაცის ბექა რუსიას საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოაცხადონ
ზუგდიდის სასამართლოში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში არსებულ ერთ-ერთ საგუშაგოზე დაღუპული ჯარისკაცის, ბექა რუსიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
გამომდინარე იქედან, რომ 18 იანვარს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბექა რუსიასთვის სიცოცხლის გაუფრთხილებლებლობით მოსპობაში ბრალდებულმა დავით ჯალაღანიამ დანაშაული აღიარა და მხარეებმა ამის გამო, მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, მათი გამოკვლევა დღეს არ მოხდება.
წინა სასამართლოზე მოსამართლე ნატრული აკობიამ მხარეთა პოზიციის მოსმენის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, მათი გამოკვლევის გარეშე საქმის მასალებზე დართვის შესახებ. შესაბამისად, დღეს პროკურორი და ბრალდებულის ადვოკატი დასკვნით სიტყვას წაიკითხავენ. შესაძლოა, საქმეზე განაჩენი დღესვე დადგეს.
შსს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელი ბექა რუსია 2017 წლის 26 ოქტომბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, ერთ-ერთ საგუშაგოზე დაიღუპა. გამოძიების ინფორმაციით, მას დ.ჯ.-ს მიერ საგუშაგოს უფროსის ა.კ.-ს ტაბელური იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა. საქმე აღძრულია სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით. ოჯახი არ ეთანხმება ბრალდებას და დავით ჯალაღანიასთან ერთად საგუშაგოს ხელმძღვანელი პირების, მათ შორის უფროსის, ალექსანდრე კვიჟინაძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს, რადგან გასროლა მისი იარაღიდან მოხდა. ასევე ითხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას.
ოჯახის საპასუხოდ პროკურორმა დავით პაპავამ წინა სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გამოძიება საქმეზე დასრულდა და არის მხოლოდ ერთი ბრალდებული, რადგან სხვა პირების მიმართ დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა.
პარალელურად ოჯახმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს სავარაუდოდ საგუშაგოზე ერთ-ერთი სამხედრო პირის მეორეს მიმართ სავარაუდო ფიზიკური დაპირისპირება. ოჯახი ამაზეც ითხოვს რეაგირებას, რადგან ამბობს, რომ ვიდეო და ბექა რუსიას ტელეფონში აღმოჩენილი სხვა ფოტოებიც ადასტურებს, რომ საგუშაგოზე იყო განუკითხაობა. კადრების გამოქვეყნების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო შს სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უფლება-მოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.