დაფიქსირებულია ვარსკვლავი, რომელიც საკუთარ პლანეტებს ჭამს - პირველად ისტორიაში
დაფიქსირებულია ვარსკვლავი, რომელიც საკუთარ პლანეტებს ჭამს - პირველად ისტორიაში

ერთ-ერთი ახალგაზრდა ვარსკვლავის ხშირი ჩაბნელებების საიდუმლო შესაძლოა, მალე ამოიხსნას. პირველად ისტორიაში, მკვლევრები დააკვირდნენ უცნაურ მოვლენას — როგორ ისრუტავს ვარსკვლავი მის სიახლოვეს შეჯახებული ორი პლანეტის ნარჩენებს.

ეს არ გახლავთ სახელგანთქმული ტაბის ვარსკვლავი, რომელსაც ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ეს ვარსკვლავი მეცნიერებს უფრო დიდი ხანი, თითქმის საუკუნეა, რაც საგონებელში აგდებს.


მდებარეობს ჩვენგან 420 სინათლის წლის მანძილზე, კუროს მოლეკულურ ღრუბელში. ეს მდიდარი ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონი კუროსა და მეეტლის თანავარსკვლავედებს შორის მდებარეობს.

ვარსკვლავის სახელია RW Aur A. აღმოაჩინეს 1937 წელს. ყოველ რამდენიმე ათწლეულში ერთხელ, მის თავს რაღაც უცნაური ხდება — დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ბნელდება, შემდეგ კი კვლავ სიკაშკაშეს იწყებს.

ბოლო წლებში, ვარსკვლავი ასე უფრო ხშირად იქცევა, თანაც დიდი პერიოდებით. ახლახან, ჩანდრას რენტგენული გამოსხივების ობსერვატორიის მონაცემების დამუშავებისას, მკვლევრებმა სავარაუდოდ იპოვეს ვარსკვლავის ბოლო ჩაბნელებათა გამომწვევი მიზეზი.

როგორც ჩანს, ერთმანეთს შეეჯახა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი ორი პროტოპლანეტა. როცა შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები ვარსკვლავში ცვივა (მცირე ნამსხვრევები, რომლებიც ვერ ინარჩუნებენ ვარსკვლავის გრავიტაციისგან გაქცევისთვის საჭირო იმპულსს), წარმოიქმნება მტვრის ღრუბელი, რაც დროებით ბლოკავს ვარსკვლავის სინათლის გარკვეულ ნაწილს.

„კომპიუტერული სიმულაციები უკვე დიდი ხანია პროგნოზირებს, რომ პლანეტები შეიძლება ჩაცვივდნენ ახალგაზრდა ვარსკვლავებში, მაგრამ ამ მოვლენას აქამდე არასოდეს შევსწრებივართ“, — ამბობს ასტროფიზიკოსი ჰანს მორიც გენთერი.


მისი თქმით, თუკი მონაცემთა ინტერპრეტაცია სწორია, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ასტრონომები პირდაპირ აკვირდებიან ახალგაზრდა ვარსკვლავის მიერ პლანეტის ან პლანეტების შთანთქმის პროცესს.

და თუ ეს მოსაზრება სიმართლე აღმოჩნდა, აიხსნება RW Aur A-ის წლების განმავლობაში მიმდინარე სხვა ჩაბნელებებიც. დამნაშავე ვარსკვლავის ასაკია.

RW Aur A სულ რაღაც რამდენიმე მილიონი წლისაა, ანუ ვარსკვლავური თვალსაზრისით ჯერ მხოლოდ ჩვილი ვარსკვლავია. ამ ასაკში, ვარსკვლავებს გარს აკრავს გაზისა და მტვრის პროტოპლანეტური დისკო, რომლისგანაც თანდათანობით ყალიბდება პლანეტური სისტემა.

ამ პროცესის შესახებ მეცნიერებმა ბევრი რამ ჯერ არ იციან, მაგრამ როგორც ჩვენი საკუთარი მზის სისტემა გვეუბნება, ფორმაციის წლებში შეჯახებები ძალიან ხშირი უნდა იყოს.

მაგალითად, ურანს აქვს ისეთი სპეციფიკურობები, რაც მხოლოდ შეჯახებით შეიძლება აიხსნას. მეორე მხრივ, მიჩნეულია, რომ შეჯახების შედეგადაა წარმოქმნილი დედამიწის მთვარეც.

კიდევ ერთი მოსაზრების მიხედვით, დედამიწა „ველური“ ტყუპისცალია, რომელმაც შეჯახების შედეგად შთანთქა სხვა ეგზოპლანეტა. გარდა ამისა, პლანეტური შეჯახებების შედეგად წარმოქმნილად მიიჩნევა მზის სისტემის ასტეროიდთა სარტყელიც, მარსსა და იუპიტრს შორის.

გამომდინარე აქედან, ასეთი ახსნა ძლიერ დამაჯრებელია, თანაც მხარს უჭერს მონაცემებიც.

ვარსკვლავის ჩაბნელებები ბოლო წლებში საკმაოდ უჩვეულო გახდა. 2011 წელს ის თითქმის ექვსი თვის განმავლობაში ჩაბნელდა, შემდეგ 2014 წლის შუა მონაკვეთში, სრულ სიკაშკაშეს 2016 წლის ნოემბერში დაუბრუნდა, 2017 წლის იანვარში კი კვლავ ჩაბნელდა.

ჩანდრას ტელესკოპის გამოყენებით ჯგუფი ვარსკვლავის სრულ სიკაშკაშეს 2013 წელს დააკვირდა, 2015 და 2017 წელს კი ჩაბნელებულს; შეგროვდა 14 საათიანი მონაცემები. შედეგად, მათ შეძლეს ჩაბნელებისა და სრული სიკაშკაშის სპექტრში არსებული ცვლილებების შედარება.

„რენტგენული სხივები ვარსკვლავიდან მოდის, მაგრამ დისკოს გაზში გავლისას, მათი სპექტრი იცვლება. რენტგენულ სხივებში ვეძებთ გარკვეულ ხელწერას, რომელსაც მათ სპექტრში გაზი ტოვებს“, — აღნიშნავს გენთერი.


როგორც მათ გაარკვიეს, ორი ჩაბნელება გამოწვეული იყო ჩვენსა და ვარსკვლავს შორის გაწოლილი მკვრივი გაზით, თავად ვარსკვლავი კი მოსალოდნელზე უფრო ცხელი აღმოჩნდა.
გაირკვა ისიც, რო, 2017 წლის ჩაბნელების შემდეგ, ამ მტვერს გაცილებით მეტი რკინა ჰქონდა, ვიდრე 2013 წელს.

მკვლევართა განცხადებით, რკინის დონის მატება ძალიან უჩვეულოა, რადგან როგორც წესი, აქტიურ და ცხელ ვარსკვლავებს სხვებთან შედარებით ნაკლები რკინა აქვთ. ისმის კითხვა, საიდან მოვიდა ეს რკინა?

ჯგუფს ორი შესაძლო ახსნა აქვს. პირველს მტვრის წნევის ხაფანგი ეწოდება და წარმოიქმნება მაშინ, როცა მტვრის ნაწილაკები პროტოპლანეტური დისკოს „მკვდარ ზონაში“ ჩერდებიან.

როდესაც გრავიტაციის ძალა მოქმედებას იწყებს, მაგალითად, ახლოს გაივლის RW Aur A-ს ბინარული კომპანიონი ვარსკვლავი, მტვრის ხაფანგი ზიანდება და მასში არსებული მატერია ვარსკვლავში ჩაცვენას იწყებს.


ამ სცენარს ჯგუფი დიდად არ უჭერს მხარს. მათი აზრით, გაცილებით სავარაუდოა, რომ ჩაბნელებათა მიზეზი უნდა იყოს შეჯახება რკინით მდიდარ ორ პროტოპლანეტას შორის.

ჯგუფი იმედოვნებს, რომ ამ ვარსკვლავზე დაკვირვებები მომავალშიც გაგრძელდება, რათა გაირკვეს, კიდევ შეიძლება თუ არა რკინის ოდენობა. შედეგად, შესაძლებელი გახდება შეჯახებულ სხეულთა ზომის განსაზღვრაც.

თუკი რკინის დონე იგივე დარჩება ან ოდნავ დაიკლებს, ეს იქნება მინიშნება დიდ სხეულზე. მაგრამ მეორე მხრივ, რკინის დონის დიდი კლება პატარა სხეულის მანიშნებელი იქნება.

გენთერის განცხადებით, ასტრონომთა დიდი ძალისხმევა ბოლო დროს მიმართულია ეგზოპლანეტებისა და მათი წარმოქმნის გარკვევისკენ და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, როგორ შეიძლება ანადგურებდეს ახალგაზრდა პლანეტებს თავიანთ დედავარსკვლავი ანდაც ერთმანეთთან შეჯახებები.

კვლევა ჟურნალ The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია chandra.si.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით