დედამიწის მსგავსი უცხო პლანეტები შესაძლოა, უბრალოდ „თოვლის გუნდებს“ ჰგავდეს
დედამიწის მსგავსი უცხო პლანეტები შესაძლოა, უბრალოდ „თოვლის გუნდებს“ ჰგავდეს

დედამიწის მსგავსი პლანეტები ძლიერი დახრილობითა და მკაცრი ორბიტით, შესაძლოა, „თოვლის გუნდას მდგომარეობაში“ იმყოფებოდნენ, რომელშიც ოკეანეები გაყინულია და სიცოცხლეს გადარჩენის შანსი აღარ აქვს. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა იპოვეს ახალი მიზეზი, რატომ შეიძლება, რომ პლანეტა ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მდებარეობდეს, მაგრამ მაინც არ იყოს სიცოცხლისთვის ხელსაყრელი. სასიცოცხლო ზონა არის მანძილი ვარსკვლავიდან, სადაც შესაძლებელია პლანეტის ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნება.

მათი დასკვნით, G-ტიპის ჯუჯების, ანუ ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავების სასიცოცხლო ზონაში არსებულ პლანეტათა ღერძისადმი დახრილობა და ორბიტული დინამიკა, შესაძლოა, განაპირობებდეს „თოვლის გუნდას მდგომარეობაში“ ყოფნას, რომელშიც, როგორც წესი, უკიდურესი გამყინვარება იქნება.

ახალმა კვლევამ აჩვენა, თუ რა გავლენას ახდენს სიცოცხლისუნარიანობაზე პლანეტის დახრილობის კუთხე საკუთარი ღერძის მიმართ და ორბიტული ექსცენტრიტეტი, ანუ პარამეტრი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენადაა დარღვეული ორბიტის უზადო წრიული ფორმა.

წინა კვლევები ვარაუდობდა, რომ უფრო თბილი უნდა ყოფილიყო მზის მსგავს ვარსკვლავთა გარშემო სასიცოცხლო ზონაში მოძრავი ის პლანეტები, რომლებსაც ღერძის გარშემო უფრო დიდი დახრილობა ან დახრილი ორბიტა ჰქონდათ.

მაგრამ ახალმა კვლევამ სრულიად საპირისპირო დაადგინა.

გაირკვა, რომ სასიცოცხლო ზონის პლანეტები შეიძლება, „თოვლის გუნდას მდგომარეობაში“ შევიდნენ, თუკი ექსცენტრიტეტის ან დიდი ნახევარღერძის ცვლილებები დიდია, ანდაც პლანეტის დახრილობა 35 გრადუსზე მეტია. დიდი ნახევარღერძი ეწოდება მანძილის ცვლილებას პლანეტასა და ვარსკვლავს შორის, ორბიტაზე მოძრაობისას.

საბედნიეროდ, დედამიწის დახრილობა საკუთარი ღერძისადმი არც ისე დიდად იცვლება, რის შედეგადაც, ჩვენს პლანეტას შედარებით მშვიდი და კარგი კლიმატი აქვს.

მკვლევართა თქმით, გამყინვარების პერიოდები ეგზოპლანეტებზე შესაძლოა, გაცილებით მკაცრი იყოს, ვიდრე დედამიწაზე, რადგან ორბიტულ დინამიკას შეუძლია მთავარი როლი ითამაშოს პლანეტის სიცოცხლისუნარიანობაში.

როგორც წესი, პლანეტის მდებარეობა სასიცოცხლო ზონაში ის მთავარი ფაქტორია, რომლის საფუძველზეც განსაზღვრავენ, არის თუ არა ის სიცოცხლისთვის ხელსაყრელი.

თუმცა, როგორც ეს ახალი კვლევა აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეგზოპლანეტა დედამიწის მსგავსი იყოს სასიცოცხლო ზონაშიც მდებარეობდეს, სრულიად შესაძლებელია, რომ მისი ორბიტა და ღერძისადმი დახრილობა მას სიცოცხლისთვის აბსოლუტურად უვარგისს ხდიდეს.

მკვლევართა განცხადებით, პლანეტის სიცოცხლისუნარიანობის განსაზღვრისას, მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს მისი ორბიტული დინამიკა. ამ ყველაფერს კი მომავლის ტელესკოპები გაარკვევს.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით