ასტრონომებმა შორეულ ვარსკვლავთან შემთხვევით ფოტო „ჩვილ“ პლანეტას გადაუღეს
ასტრონომებმა შორეულ ვარსკვლავთან შემთხვევით ფოტო „ჩვილ“ პლანეტას გადაუღეს

ხანდახან ყველაზე საოცარი აღმოჩენები უბრალოდ შემთხვევით ხდება. მაგალითად, ახლახან ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ჩვენგან 600 სინათლის წლის მანძილზე შემთხვევით გადაიღო ობიექტი, რომელიც, მათი აზრით, ზრდის პროცესში მყოფი პლანეტაა.

კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი ვარსკვლავი CS Cha-ს სახელით ცნობილი ბინარული სისტემაა, მდებარეობს ქამელეონის თანავარსკვლავედის ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონში. არის T-კუროს ტიპის ვარსკვლავი — ძალიან ახალგაზრდა, მხოლოდ 2-3 მილიონი წლის, რაც ბრწყინვალე ასაკია, რათა გარს ერტყას მტვრისა და გაზის პროტოპლანეტური დისკო, რომელშიც პლანეტები იბადება.

2017 წელს სწორედ ასეთ დისკოს ეძებდა მკვლევართა ჯგუფი ამ ვარსკვლავთან, რისთვისაც ჩილეში, ატაკამას უდაბნოში მდებარე ძალიან დიდ ტელესკოპს (VLT) იყენებდნენ.
CS Cha-ს აქვს ე. წ. წრიულბინარული დისკო, რომელიც გარს ერტყმის ბინარული სისტემის ორივე ვარსკვლავს.

მაგრამ ფოტოების დათვალიერებისას, ბინართა სიახლოვეს, წრიულბინარული დისკოს მიღმა, მკვლევრებმა სინათლის პატარა წერტილი შენიშნეს.


როდესაც მათ VLT-ის მიერ 11 წლის წინ გადაღებულ ფოტოებს დახედეს, წერტილი იქაც შენიშნეს. გარდა ამისა, წერტილი ჩანდა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ 19 წლის წინ გადაღებულ ფოტოზეც.

შესაბამისად, ეს არ გახლდათ რაიმე დროებითი, არც გარდამავალი ანომალია — იქ რაღაც იყო, ნამდვილად მტკიცე და დროისადმი შეუპოვარი.

გარდა ამისა, იგი მოძრაობდა CS Cha-ს გარშემო, ანუ დანამდვილებით იყო ბინარული ვარსკვლავის კომპანიონი.

მეცნიერებმა ჯერჯერობით დაზუსტებით არ იციან, რა არის ის სინამდვილეში. ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს ხილული ობიექტი — მოვლენა იმდენად უცნაურია, რომ შესაძლო ვარიანტები ძალიან ცოტაა. შეიძლება, ის ყავისფერი ჯუჯა იყოს — ძალიან დაბალმასიანი „არშემდგარი“ ვარსკვლავი, რომელიც იმდენად პატარაა, რომ არ შეუძლია წყალბადის სინთეზი, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდია იმისათვის, რათა გაზის გიგანტ პლანეტებს მიეკუთვნებოდეს.

თუმცა, შესაძლოა, ის იყოს ჯერ კიდევ ზრდის პროცესში მყოფი გაზის გიგანტი პლანეტა, ე. წ. სუპერ-იუპიტერი.

რთულია სპექტროგრაფიული ანალიზების ჩატარებაც, რაც რაიმეს დაამტკიცებდა.

„ამ ამბის ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი ის არის, რომ კომპანიონის სინათლე ძლიერ პოლარიზებულია. ასეთი უპირატესობა პოლარიზაციის მიმართულებაში, როგორც წესი, ხდება მაშინ, როცა სინათლე გზადაგზა გაიფანტება“, — განმარტავს კვლევის ავტორი, ლეიდენის უნივერსიტეტის ასტრონომი კრისტიან გინსკი.

მისი თქმით, კომპანიონი გარშემორტყმულია საკუთარი მტვრის დისკოთი, მაგრამ რთული ის არის, რომ დისკო სინათლის დიდ ნაწილს ბლოკავს და ამის გამო, ურთულესია კომპანიონი ობიექტის მასის განსაზღვრა.


„შესაბამისად, ის შეიძლება იყოს ჩვილი ყავისფერი ჯუჯა ან სუპერ-იუპიტერი. პლანეტათწარმოქმნის კლასიკური მოდელი ვერ გვეხმარება“, — ამბობს გინსკი.

თუკი ის ამ ორიდან რომელიმეა, აღმოჩენა მართლაც განსაკუთრებული იქნება, რადგან ეგზოპლანეტათა უმეტესობის პირდაპირ გადაღება უბრალოდ შეუძლებელია.

როგორც წესი, მათ არსებობას ვადასტურებთ მხოლოდ დედავარსკვლავის სინათლეში მათ მიერ შეტანილი ცვლილებებით – როდესაც ისინი ვარსკვლავსა და ჩვენს ტელესკოპებს შორის ჩაივლიან, შეინიშნება დროებითი ჩაბნელება. ეგზოპლანეტათა დაფიქსირება ასევე შესაძლებელია მათი გრავიტაციის მიერ დედავარსკვლავისთვის მდებარეობის ოდნავი ცვლილებების გზით, რასაც დოპლერის წანაცვლებას უწოდებენ.

წარმოუდგენლად პატარაა იმ ეგზოპლანეტათა სია, რომლებზეც ოდესმე პირდაპირი დაკვირვება განხორციელებულა. პირველი ასეთი შემთხვევა 2009 წელს მოხდა, როცა მკვლევრები საოცრად აღფრთოვანებული იყვნენ ყავისფერ ჯუჯაზე პირდაპირი დაკვირვებებით.

„მზის ტიპის ვარსკვლავებისთვის ყავისფერი ჯუჯა კომპანიონები უკიდურესად იშვიათია“, — უთხრა Space.com-ს პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევარმა მაიკლ მაკელვაინმა.
მაგრამ ასეთ პლანეტას თან დისკო ჰქონდეს, წარმოუდგენლად ამაღელვებელია.

ყველაფერის საბოლოოდ გასარკვევად, გინსკის ჯგუფი კვლევების გაგრძელებას ჩილეში, ატაკამის უდაბნოში განთავსებული უმძლავრესი ტელესკოპით, ALMA-თი გეგმავს.

„CS Cha-ს სისტემა ერთადერთია, რომელშიც დიდი ალბათობით, წარმოდგენილია წრიულბინარული დისკო, ისევე როგორც წრიულვარსკვლავური დისკო. გარდა ამისა, ჩვენს ცოდნას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ის ფაქტი, რომ წრიულბინარული დისკო პირდაპირი დაკვირვებითა აღმოჩენილი ქვევარსკვლავური კომპანიონის პოლარიზებულ სინათლეში“, — წერენ მკვლევრები.

მათივე თქმით, ეს სისტემა საუკეთესო ადგილია პლანეტებისა და ყავისფერ ჯუჯათა წარმოქმნის სცენართა შესასწავლად.

კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდება, მანამდე კი ხელმისაწვდომია სერვერ arXiv-ზე.

მომზადებულია astronomie.nl-სა და ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი