დაფიქსირებულია უმძლავრესი კოსმოსური აფეთქება, რომლის მსგავსიც ათას წელიწადში ერთხელ ხდება — #1tvმეცნიერება
დაფიქსირებულია უმძლავრესი კოსმოსური აფეთქება, რომლის მსგავსიც ათას წელიწადში ერთხელ ხდება — #1tvმეცნიერება

ასტრონომთა განცხადებით, 2022 წლის ოქტომბერში დაფიქსირებული გამა-გამოსხივების რეკორდული ანთება წარმოადგენდა მოვლენას, რომელიც ათას წელიწადში ერთხელ ხდება.

სახელად GRB 221009A უწოდეს და მისი სინათლის ემისიები 18 ტერაელექტრონვოლტ ენერგიას შეიცავდა; წარმოადგენდა გამა-გამოსხივების ყველაზე მძლავრ ანთებას ამ დრომდე აღრიცხულთა შორის.

ამ საოცარი აფეთქების შესახებ ჩატარებული ანალიზები რეცენზირებამდელ სერვერ arXiv-ზე სამ პუბლიკაციად აიტვირთა; მალე ისინი The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდება.

ანალიზების თანახმად, სინათლის ამ განსაკუთრებულმა ანთებამ მრავალი წესი დაარღვია: აფეთქების შემდეგი ნათების სინათლის მრუდი კარგად არ მიჰყვება თეორიულ აღწერათა მიერ პროგნოზირებულს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ GRB 221009A-ში არის რაღაც საინტერესო და უნიკალური.

გამა-გამოსხივების ანთებები მთელ სამყაროში ყველაზე ძლიერი აფეთქებებია, რა დროსაც იმაზე მეტი ენერგია გამოიყოფა, ვიდრე ჩვენი მზე 10 მილიარდი წლის განმავლობაში გამოყოფს. ელექტრომაგნიტური რადიაციის ამოფრქვევებს კატაკლიზმური მოვლენები იწვევს: სუპერნოვად ან ჰიპერნოვად აფეთქებები, რასაც მასიური ვარსკვლავები სიცოცხლის მიწურულს განიცდიან, ანდაც შეჯახებები ორმაგ სისტემებში, რომლებშიც სულ მცირე ერთი ნეიტრონული ვარსკვლავია.

GRB 221009A პირველად 2022 წლის 9 ოქტომბერს დააფიქსირეს და მაშინ ჩათვალეს, რომ ნაკლებად მძლავრი რენტგენული ანთება იყო შედარებით ახლომდებარე წყაროზე. თუმცა, შემდეგი დაკვირვებებით გაირკვა, რომ ეს სინათლემ ჩვენამდე გაცილებით შორიდან, 2,4 მილიარდი სინათლის წლის მანძილიდან არის მოსული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო, ვიდრე თავიდან იფიქრეს.

აღმოჩენის შემდეგ, მოვლენას ასტრონომები 73 დღის განმავლობაში გაფაციცებით აკვირდებოდნენ, მოჰყვებოდნენ მისი სინათლის მრუდის ევოლუციას; ეს უკანასკნელი წარმოადგენს დროთა განმავლობაში გრაფიკზე ასახულ სინათლის სიძლიერეს. 73-ე დღეს მკვლევრებს შეჩერება მოუხდათ, რადგან ნათება მზის უკან მოექცა, მაგრამ მალე კვლავ გამოჩნდება.

პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრის, მაია უილიამსის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევაში დაადგინეს, რომ აფეთქებისთანავე, GRB 221009A-ის რენტგენული ნათება სიდიდის მხრივ ყველაზე კაშკაშა იყო მათ შორის, რაც კი ოდესმე დაეფიქსირებინა სვიფტის ობსერვატორიას. შემთხვევით წარმოქმნილი აფეთქებების სიმულაციაში, GRB 221009A-ზე ძლიერი 10 000-ში მხოლოდ ერთი აფეთქება იყო.

მას შემდეგ, რაც გაითვალისწინეს მანძილი, GRB 221009A-ს სიკაშკაშე შესაბამისობაში მოვიდა სვიფტის ტელესკოპის კატალოგში არსებულ გამა-გამოსხივების სხვა ანთებებთან. სხვები უბრალოდ მკრთალები ჩანდა, რადგან უფრო შორს არიან. ჯგუფის გათვლების მიხედვით, GRB 221009A-ის ასეთი უიშვიათესობის მიზეზი მისი კომბინირებული მახასიათებლებია.

„ჩვენი შეფასებით, რომ GRB 221009A-ს მსგავსად ძლიერი გამა-გამოსხივების ანთებები (GRB) დაახლოებით 1000 წელიწადში ერთხელ ხდება; შესაბამისად, ეს ნამდვილად გამორჩეული შანსია, ისეთი, რომელსაც ცხოვრებაში მეტად ვეღარ ვნახავთ“, — წერენ მკვლევრები.

გამა-გამოსხივების ანთებები ნამდვილად გამორჩეულია შემდეგი ნათების ევოლუციის თვალსაზრისით, რომელიც სტანდარტულ თეორიაში არ ჯდება. როგორც წესი, მათ მოსდევს თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრავ ელექტრონთა ნათება. მას სინქროტრონულ რადიაციას უწოდებენ და წარმოადგენს იმ შოკების შედეგს, რომლებიც პირველი აფეთქების ვარსკვლავთშორის სივრცეში გაჭრას ახლავს თან.

ითვლება, რომ თავად გამა-გამოსხივების ანთებები შედგება იმ პარალელურ სხივებში კონცენტრირებული ენერგიისგან, რომლებიც ძლიერ კოლიმირებულ ჭავლებს ქმნიან. შემდგომი სინქროტრონული რადიაციის შესწავლით ასტრონომები ადგენენ აფეთქებებისა და ჭავლების ფორმას.

უილიამსისა და მისი ჯგუფის განცხადებით, ნათება მიუთითებს, რომ GRB 221009A-ის ჭავლის სტრუქტურა ან მოსალოდნელზე უფრო რთულია ან ვიწროდ კოლიმირებული არ არის. მათი განცხადებით, ამ ბოლო სცენარს არსებითი გავლენა უნდა ჰქონდეს მოვლენის ენერგიის ბიუჯეტზე.

კიდევ ერთ პუბლიკაციაში, რომელსაც იუტის უნივერსიტეტის მკვლევარი ტანომი ლასკარი ხელმძღვანელობდა, ასტრონომთა ჯგუფი ვარაუდობს, რომ გამორჩეული ნათება უნდა ნიშნავდეს რომ გამა-გამოსხივების ანთების შემდეგ ნათებაში არის სინქროტრონული რადიაციის დამატებითი წყაროც, მაგრამ ამის შედეგებიც ასევე უფრო სერიოზული უნდა იყოს. მათი ვარაუდით, პრობლემა შეიძლება მდგომარეობდეს სინქროტრონული შემდგომი ნათების თეორიის რაღაც ფუნდამენტური ცდომილებაში.

მესამე კვლევაში, არიზონის უნივერსიტეტის ჯგუფმა ასტრონომ მანიშა შრესთას ხელმძღვანელობით, დაადგინა, რომ ნათება არ შეიცავს იმ ზოგიერთ მახასიათებელს, რასაც სუპერნოვას აფეთქების შემთხვევაში უნდა ველოდეთ. მათი განცხადებით, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ GRB 221009A-ს ენერგიის ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი ჭავლებში დაიხარჯა და ძალიან ცოტა დატოვა იმის კვალი, რათა ვივარაუდოთ, რომ აფეთქებაში ვარსკვლავი იყო ჩართული.

როგორც გითხარით, ნათება ამჟამად მზის უკან არის მოქცეული, მაგრამ ამ თვეში კვლავ უნდა გამოჩნდეს; მკვლევართა ვარაუდით, ის კვლავ კარგად ხილული იქნება ჩვენი ტელესკოპებისთვის ტალღის მრავალ სიგრძეში. რაც არ უნდა ხდებოდეს ამ გამორჩეულ აფეთქებაში, ასტრონომები მუხლჩაუხრელად მუშაობენ, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანონ და სარწმუნო პასუხებიც მიიღონ.

პუბლიკაციები გამოსაქვეყნებლად მიიღო The Astrophysical Journal Letters-მა, იქამდე კი ხელმისაწვდომია რეცენზირებამდე სერვერ arXiv-ზე აქ, აქ და აქ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.