დაფიქსირებულა უმძლავრესი კოსმოსური აფეთქება, რომელსაც ასტრონომები ჯერ ვერანაირი ლოგიკით ვერ ხსნიან — #1tvმეცნიერება

13:55, 15.09.2025

ერთმა გიგანტურმა აფეთქებამ არა მხოლოდ კოსმოსი შეარყია, არამედ ჩვენი წარმოდგენაც სამყაროს ყველაზე ძლიერი აფეთქებების შესახებ.

2025 წლის 2 ივლისს ჩაწერილი გამა-გამოსხივების აფეთქება (GRB) ყველაზე გრძელია ამ დრომდე დაფიქსირებულ ამ სახის მოვლენათა შორის — გაგრძელდა თითქმის ერთ დღეს. შედარებისათვის გეტყვით, რომ როგორც წესი, გამა-გამოსხივების აფეთქებები მხოლოდ მილიწამებიდან წუთებამდე გრძელდება.

ამას გარდა, ამ აფეთქებას ჰქონდა რაღაც ისეთი, რაც GRB-ებში აქამდე არასოდეს ენახათ — ის განმეორდა. ამას კი ზუსტად ვერ ხსნის ჩვენი ამჟამინდელი მოდელები მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ.

„ეს მოვლენა საერთოდ არ ჰგავს ბოლო 50 წლის განმავლობაში ნანახ სხვა არცერთ GRB-ს. გამა-გამოსხივების აფეთქებები არის კატასტროფული მოვლენები, რომლებიც მიჩნეულია, რომ მხოლოდ ერთხელ ხდება, რადგან მათი წარმომქმნელი წყარო ვერ ახერხებს, გადაურჩეს დრამატულ აფეთქებას. ამ მოვლენამ გაგვაოგნა არა მხოლოდ იმიტომ, რომ განმეორებითი მძლავრი აქტივობა აჩვენა, არამედ იმიტომაც, რომ პერიოდული იყო, რაც ამ დრომდე ჯერ არასოდეს გვინახავს“, — ამბობს დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასტროფიზიკოსი ანტონიო მარტინ-კარილიო.

GRB-ები სამყაროს ყველაზე სასტიკი აფეთქებებია, მძლავრი ამოფრქვევები, რომლებიც ასხივებენ რადიაციის ყველაზე ენერგიულ ფორმას — გამა სხივებს. ყოველი ამოფრქვევა რამდენიმე წამში გამოყოფს იმაზე მეტ ენერგიას, ვიდრე მზე მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში.

მიჩნეულია, რომ მათ უკან ორი მთავარი მექანიზმია: პირველი — მასიური ვარსკვლავის სუპერნოვად აფეთქება ბირთვის კოლაფსირებით, რა დროსაც ვარსკვლავის ბირთვი გრავიტაციით კოლაფსირდება და შავ ხვრელად გადაიქცევა. ეს პროცესი წარმოქმნის ხანგრძლივ აფეთქებებს, რომლებიც ორ წამზე მეტხანს გრძელდება.

მეორე მექანიზმი მოიცავს ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახებას და ერთმანეთთან შერწყმას. ამ დროს ორ წამზე ნაკლები ხანგრძლივობის აფეთქებები წარმოიქმნება.

ახალ მოვლენას GRB 250702B უწოდეს და მისი უჩვეულო ბუნება მყისიერად აშკარა გახდა. აღმოაჩინეს NASA-ს გამა-გამოსხივების კოსმოსური ტელესკოპის, Fermi-სგან მიღებული განგაშის სიგნალების საფუძველზე — არა მხოლოდ ერთხელ, არამედ სამ სხვადასხვა დროს რამდენიმე საათის განმავლობაში, რადგან როგორც ჩანს, ობიექტი გამა-სხივების მრავალჯერადი განმეორებადი აფეთქებების სახით პულსირებდა.

მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც მარტინ-ლარილიო და რედბუდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ენდრიუ ლევანი ხელმძღვანელობდნენ, ამ კოსმოსური უცნაურობის არსის ამოხსნა გადაწყვიტა.

სხვა ტელესკოპების მონაცემთა შემოწმებამ ცხადყო, რომ გამა-გამოსხივების კოსმოსური ობსერვატორია, სახელად აინშტაინის ზონდი აჩვენებდა, რომ იგივე წყარო რენტგენულ სხივებს ასხივებდა Fermi-ს დაკვირვებებამდე, თითქმის მთელი დღის განმავლობაში.

ის იმდენად კაშკაშა იყო, რომ თავდაპირველად ასტრონომებმა იფიქრეს, წყარო შეიძლება აქვე, ირმის ნახტომში ყოფილიყო. თუმცა, როცა ცის ამ მონაკვეთს ძალიან დიდი ტელესკოპით (VLT) და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით დააკვირდნენ, საპირისპირო რამ აღმოაჩინეს.

უცნობია, ჩვენგან რა მანძილზე მოხდა ეს აფეთქება, მაგრამ ასევე ძლიერ უცნაურია ამ მოვლენის წინამორბედი — ძლიერ უცნაური ფორმის გალაქტიკა, რომელიც ორ სხვადასხვანაირ რეგიონად გაყოფილი ჩანს. შეიძლება სწორედ ეს იყოს მინიშნება აფეთქების გამომწვევზე, მაგრამ ამ მომენტისათვის, დაზუსტებით არაფერია ცნობილი.

„თუკი მოკვდა მასიური ვარსკვლავი, ჩვენს მზეზე დაახლოებით 40-ჯერ მასიური, ტიპური გამა-გამოსხივების აფეთქებებით, მაშინ ეს უნდა ყოფილიყო სიკვდილის კონკრეტული ტიპი, რომელშიც მატერიის რაღაც ნაწილი მაინც აგრძელებს ცენტრალური ძრავის მუშაობას. ალტერნატიულად, გამა-სხივური რადიაციის ციმციმის პერიოდულობა შეიძლება გამოწვეული იყოს შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის დაშლით, მოვლენით, რომელსაც გრავიტაციული (მოქცევითი) დაფლეთის მოვლენას (TDE) უწოდებენ“, — ამბობს მარტინ-კარილიო.

თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, უფრო ტიპური TDE-ებისგან განსხვავებით, ამ აფეთქების თვისებათა ახსნა მოითხოვს უჩვეულო ვარსკვლავს, რომელიც უფრო მეტად უჩვეულო შავმა ხვრელმა გაანადგურა, სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო დღემდე მოუხელთებელი, ე. წ. შუალედურმასიანი შავი ხვრელი.

იმის გასარკვევად, თუ რას წარმოადგენდა მოვლენა GRB 250702B, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია მის წარმომქმნელ გალაქტიკამდე მანძილის გამოთვლა. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ ასტრონომებს მისი ზუსტი სიკაშკაშის გამოთვლა — საზომი, რომელიც ასევე დაგვეხმარება მის მიერ გამოყოფილი ენერგიის რაოდენობის გამოთვლაში, ასევე იმის დადგენაში, როგორ შეიძლება წარმოქმნილიყო ეს ენერგია.

„ჯერ კიდევ არ ვართ დარწმუნებული, რამ წარმოქმნა ეს აფეთქება ან ნამდვილად დავადგენთ თუ არა ამას ოდესმე. მაგრამ ამ კვლევით უზარმაზარი ნაბიჯი გადავდგით ამ უკიდურესად იშვიათი და ამაღელვებელი ობიექტების შესწავლის გზაზე“, — ამბობს კვლევის ავტორი, დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასტროფიზიკოსი ანტონიო მარტინ-კარილიო.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ucd.ie-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი