ჩვენგან 215 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკის შუაგულში, სინათლის კაშკაშა ელვარებამ კოსმოსის უკიდეგანო სიცარიელე გაანათა; ეს გახლდათ სუპერმასიურ შავ ხვრელთან ზედმეტად ახლოს მისული და სასიკვდილოდ განადგურებული ვარსკვლავის სინათლის უკანასკნელი „კივილი“.
ვარსკვლავის ასეთ სიკვდილს ჩვენთან ასე ახლოს პირველად დავაკვირდით, რამაც უპრეცედენტო ცნობები მოგვცა ამ სასტიკი კოსმოსურ პროცესის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ შავ ხვრელთა მიერ ვარსკვლავის განადგურება არც ისე ხშირია, ასტრონომები ასეთ მოვლენებს წარსულში უკვე საკმარისად დააკვირდნენ, რათა ბევრი რამ გაერკვიათ მისი მიმდინარეობის შესახებ. როდესაც ვარსკვლავი შავ ხვრელთან ზედმეტად ახლოს მიდის, მისი უზარმაზარი გრავიტაცია ვარსკვლავს ჯერ ჭიმავს, შემდეგ კი ექაჩება და ფლეთს.
ასეთი გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენა (TDE) სინათლის კაშკაშა ელვარებას გამოყოფს იქამდე, ვიდრე ვარსკვლავის ნარჩენები დაიშლება და შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტს მიღმა სამუდამოდ გაუჩინარდება. თუმცა, სინათლის ელვარებას ხანდახან ფარავს მტვრის ღრუბელი, რაც ამ მოვლენის დეტალურად შესწავლას ართულებს.
გრავიტაციული დაფლეთვის ახალი მოვლენა ასტრონომებმა პირველად გასული წლის სექტემბერში შენიშნეს და AT2019qiz უწოდეს. ახლა მას დეტალურად სწავლობს ბირმინგჰემის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ასტრონომ მეთ ნიჩოლის ხელმძღვანელობით.
„დავადგინეთ, რომ როდესაც შავი ხვრელი ვარსკვლავს ანადგურებს, ამ დროს შეიძლება გარე მიმართულებით გაიტყორცნოს მატერიის მძლავრი ნაკადი, რომელიც ჩვენს ხედვას ჩრდილავს“, — ამბობს ბირმინგჰემის უნივერსიტეტის ასტრონომი სამანდა ოატისი.
ვარსკვლავის გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენა ის კოსმოსური ფენომენოა, რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელია; უბრალოდ უნდა ათვალიერო ცა და ელოდო, სანამ ის მოხდება. სწორედ ასე მოხდა AT2019qiz-ის შემთხვევაშიც; შემჩნევისთანავე, ასტრონომებმა ტელესკოპები დაუყოვნებლივ მიმართეს ერიადნუსის თანავარსკვლავედისკენ, რათა ჩვენგან 215 მილიონი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკის შუაგულში ჩაეხედათ.
„ცის რამდენიმე კვლევითმა პროექტმა გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენის გამოსხივება ვარსკვლავის განადგურებიდან მალევე დააფიქსირა. მიწისპირა და კოსმოსური ტელესკოპები დაუყოვნებლივ მისკენ მივმართეთ, რათა გვენახა, როგორ წარმოიქმნა სინათლე“, — ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომი თომას უერვესი.
როდესაც ვარსკვლავი იფლითება, ნარჩენების გარკვეული ნაწილი იჭიმება მატერიის გრძელ ძაფებად, რომლებიც შავ ხვრელში ჩაედინება.
სიკაშკაშე წარმოიქმნება ამ ჩამდინარე მატერიაზე გრავიტაციისა და ხახუნის ძლიერი გავლენით. ამ დროს მატერია იმდენად ცხელდება, რომ გრავიტაციულმა დაფლეთვის მოვლენამ წამიერად შეიძლება მთელი გალაქტიკაც გადაანათოს.
თავდაპირველი ანთების შემდეგ, გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენა რამდენიმე თვის განმავლობაში უფერულდება. ნიჩოლი და მისი ჯგუფი AT2019qiz-ს სწორედ მილევის პროცესში დააკვირდა ტალღის მრავალ სხვადასხვა სიგრძეში, მათ შორის ულტრაიისფერში, რადიოში, ოპტიკურსა და რენტგენში. ეს კიდევ ერთი გამართლება იყო, რადგან გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენათა უმეტესობა ძირითადად ოპტიკურსა და ულტრაიისფერში ანათებს.
ამ სინათლის წყალობით, ჯგუფმა გამოიანგარიშა AT2019qiz-ის მასა.
„დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ვარსკვლავს დაახლოებით ჩვენი მზის მასა ჰქონდა, რომლის ნახევარზე მეტიც მასზე მილიონჯერ მასიურმა შავმა ხვრელმა შთანთქა“, — ამბობს ნიჩოლი.
იმის გამო, რომ ჯგუფმა მოვლენას სწრაფად მიაქცია ყურადღება და ამავე დროს ის შედარებით ახლოს იყო, ასევე უჩვეულოდ ფართი სპექტრის წყალობით, მკვლევრებმა ასევე განსაზღვრეს, რომ მტვერი, რომელიც მას ჩრდილავდა, სწორედ გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენის შემადგენელი ნაწილი იყო და არა ცალკეული ფენომენი,
„AT2019qiz ამ დრომდე აღმოჩენილი უახლოესი გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენაა და შესაბამისად, ძალიან კარგად დავაკვირდით ელექტრომაგნიტურ სპექტრში. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვხედავთ გამდინარე გაზის მტკიცებულებას განადგურებისა და აკრეციის პროცესში, რაც კარგად ხსნის ჩვენ მიერ წარსულში შემჩნეულ ოპტიკურ და რადიო გამოსხივებებს“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ასტრონომი ედო ბერგერი.
მისივე თქმით, ამ დრომდე ეს გამოსხივებები დიდი კამათის საგანი იყო, მარგამ ახლა უკვე ვხედავთ, რომ ეს ორი რამ დაკავშირებულია ერთსა და იმავე ფენომენთან. მკვლევარი აღნიშნავს იმასაც, რომ ეს მოვლენა ბევრს გვასწავლის სუპერმასიურ შავ ხვრელში აკრეციისა და მისგან გამოტყროცნოლი მასის დეტალური ფიზიკური პროცესების შესახებ.
წლის დასაწყისში ჯგუფმა დაამტკიცა, რომ დაფლეთილი ვარსკვლავის ნარჩენთა გარკვეული ნაწილი მატერიის მორევივით მბრუნავ დისკოს წარმოქმნის, რომელიც შავ ხვრელში ჩაედინება, ზუსტად ისე, როგორც წყალი დრენაჟში. რამდენიმე წლის წინ დაფიქსირებულმა გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენამ კი გვასწავლა, რომ შავი ხვრელის მიერ გამოსროლილი პლაზმა ვარსკვლავის განადგურებული ნაწილის პროპორციულია. განადგურებას გაქცეულმა ვარსკვლავმა კი გვიჩვენა, რომ შავ ხვრელს შეუძლია საკვები გამოიზოგოს, თავის გარშემო ამოძრაოს და მილიარდობთ წლის განმავლობაში იკვებოს.
კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.