ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ჩვენგან 31 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ გალაქტიკაში პლანეტა აღმოაჩინეს.
ათასობით სიგნალის მუხლჩაუხრელი კვლევის შემდეგ, ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის ჯგუფმა როსან დი სტეფანოს ხელმძღვანელობით განსაზღვრა, რომ მორევის გალაქტიკის რენტგენულ სინათლეში არსებული უზარმაზარი ჩაბნელება საუკეთესოდ აიხსნება გალაქტიკისგარე პლანეტით.
მკვლევრებმა ამ ეგზტროპლანეტას M51-ULS-1b უწოდეს და მისმა აღმოჩენამ შეიძლება სრულიად შეცვალოს ირმის ნახტომში, მზის სისტემის მიღმა პლანეტის ძებნის გზები.
„გვაქვს პრივილეგია, რომ ამ საქმეში მცირედი წვლილი შეგვეტანა. ჩვენი კვლევა წარმოაჩენს ახალ მეთოდს, რომლის გამოყენებაც მეცნიერებს არა მხოლოდ ირმის ნახტომში, არამედ სხვა გალაქტიკებში საძებნელადაც შეუძლიათ. გვაქვს პატივი იმ ფაქტის გამოც, რომ სხვა გალაქტიკაში ეგზტროპლანეტობის კანდიდატის აღმოჩენა ამ შრომას გრძელ და საინტერესო ისტორიასთან აკავშირებს“, — ამბობს დი სტეფანო.
ეგზოპლანეტების დაფიქსირება ირმის ნახტომშიც კი ფრიად ძნელი საქმეა. უმეტესად, ირმის ნახტომის ვარსკვლავთა გარშემო ეგზოპლანეტების მოძრაობის შესახებ იგებენ იმ ეფექტით, რომელიც მათ თავის ვარსკვლავზე აქვს; ანუ არ ხდება თავად ეგზოპლანეტების პირდაპირ დაფიქსირება.
ერთ-ერთია ტრანზიტის მეთოდი. როდესაც ორბიტაზე მოძრაობისას ეგზოპლანეტა ჩვენსა და თავის ვარსკვლავს შორის ჩაივლის, ამ ვარსკვლავის სინათლეში შეგვიძლია დავაფიქსიროთ მცირე ჩაბნელებები, რასაც სინათლის გამრუდებას უწოდებენ. ამას ტრანზიტი ჰქვია, რადგან ის სრულად არ ბლოკავს ვარსკვლავის სინათლეს.
2018 წლის კვლევაში, დი სტეფანომ და მისმა კოლეგა ნია იმარამ აჩვენეს, რომ ეგზოპლანეტას შეიძლება სხვანაირი ეფექტიც ჰქონდეს ორმაგი (ბინარული) ვარსკვლავების ტიპზე, რომელსაც რენტგენულ ბინარებს უწოდებენ. ეს გახლავთ ვარსკვლავთა წყვილები, რომლებიც ერთმანეთთან იმდენად ახლოს არიან, რომ ერთ-ერთი მეორეს მატერიას სწოვს და თავად იერთებს, ამ პროცესში კი რენტგენული რადიაცია გამოიყოფა. ეს ვარსკვლავები ძირითადად ფიზიკურად პატარა, მაგრამ კაშკაშები არიან, ნეიტრონული ვარსკვლავები ან ვარსკვლავური მასის შავი ხვრელებიც. ასეთი პატარა ზომა რენტგენული რადიაცისს სრული ან თითქმის სრული ჩაბნელების საშუალებას იძლევა.
„რა თქმა უნდა, არ ვიცოდით, მოძრაობენ თუ არა პლანეტები რენტგენული ბინარების გარშემო, მაგრამ არსებობდა გარკვეული მიზეზები, რომ ასე გვეფიქრა და მათი ძებნაც დაგვეწყო“, — ამბობს დი სტეფანო.
მისი განცხადებით, კვლევა დიდ დროს და სიფრთხილეს მოითხოვს, განსაკუთრებით პირველი ნიმუშის საპოვნელად, რისთვისაც საჭიროა განსაკუთრებით ფრთხილად გატესტვა და კრიტიკულად შესწავლა. ამბობს, რომ წინა ზაფხულს მას სტუდენტები ესტუმრნენ და კარგი შანსი ჰქონდა კვლევის დასაწყებად.
ჯგუფმა დაკვირვებები სამ გალაქტიკაზე ჩაატარა — მორევის გალაქტიკა (M51), ბზრიალას გალაქტიკა (M101) და სომბრეროს გალაქტიკა (M104). რენტგენულ დიაპაზონში დაკვირვებები ჩანდრას კოსმოსური ობსერვატორიით ჩაატარეს. ამ დაკვირვებათა შედეგად, მეცნიერებმა კვლევის დასაწყებად და ეგზტროპლანეტურ ჩაბნელებათა საძებნელად გამოარჩიეს 2624 რენტგენული ბინარის სინათლის გამრუდება.
ათასობით სიგნალს შორის მხოლოდ ერთადერთი აღმოჩნდა იმის შესაფერისი, რასაც ჯგუფი ეძებდა. ეს გახლდათ ულტრაკაშკაშა რენტგენული ბინარი, სახელად M51-ULS-1; ის შეესაბამებოდა ულტრამკვრივ ობიექტს (უცნობია, შავი ხვრელია თუ ნეიტრონული ვარსკვლავი) და მასიურ კომპანიონს, მაგალითად, ცხელ, კაშკაშა B-ტიპის ვარსკვლავს.
დაკვირვებების დროს ვარსკვლავის სინათლე მეტნაკლებად მუდმივი იყო, გარდა სამსაათიანი პერიოდისა, როდესაც ის ჩამუქდა. გარდა ამისა, ერთნაირი იყო მისი სიკაშკაშე ჩაბნელებამდე და ჩაბნელების შემდეგ, რაც მიუთითებს, რომ რასაც არ უნდა გამოეწვია მისი ჩაბნელება, ის რაღაც გარეა და არ იმყოფება ბინარული ურთიერთქმედების შიგნით.
შემდეგი ნაბიჯი გახლდათ იმის გარკვევა, რა შეიძლება ყოფილიყო ეს გარე გავლენა. ჯგუფმა ფრთხილად დაუშვა ისეთი ვარიანტები, როგორებიცაა სხვა პატარა ვარსკვლავები და ყავისფერი ჯუჯები, განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია გაზის ღრუბლებს, რომლებიც რენტგენული ბინარებისთვის ძლიერ დამახასიათებელია.
საბოლოოდ, მათ განსაზღვრეს, რომ ამ მონაცემებს ყველაზე უკეთ შეესაბამებოდა სატურნის ზომის ეგზტროპლანეტა, რომელიც ბინარულ ვარსკვლავს ათობით ათასი ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან უვლის გარშემო.
„ნელ-ნელა მღელვარება გვიპყრობდა. პირველად დამაინტრიგებელი შესაძლებლობა ვაღიარეთ, მაგრამ შემდეგ საფრთხილო იყო მრავალი სხვა მიზეზი. ყურადღებით უნდა განგვეხილა ყველა ალტერნატივა, უნდა ჩაგვეტარებინა რამდენიმე სხვადასხვა ნაწილის სრული ანალიზი, რომელთაგან თითოეულს უნდა ეჩვენებინა პლანეტის ინტერპრეტაციასთან შესაბამისობა და გამოგვერიცხა სხვა შესაძლებლობები“, — აღნიშნავს დი სტეფანო.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეგზტროპლანეტობის კანდიდატი დადასტურდეს. ამისათვის საჭიროა რეგულარული ინტერვალებით სიკაშკაშის რამდენიმე ჩაბნელება; თუ გავოთვალისწინებთ M51-ULS-1b-ის ორბიტულ მანძილს, თავის ვარსკვლავთა გარშემო ერთ შემოვლას ის ძალიან დიდ დროს ანდომებს. თუმცა, დი სტეფანო აღნიშნავს, რომ ყველა ხელმისაწვდომი მონაცემი შეესაბამება იმას, რასაც უნდა ვხედავდეთ ორბიტაზე მოძრავი ეგზტროპლანეტის შემთხვევაში.
ამ აღმოჩენის დადასტურებისათვის საჭიროა უფრო მეტი რენტგენული ჩაბნელების იდენტიფიცირება, როგორც ირმის ნახტომში, ისე მის მიღმა. თუმცა, ერთი ასეთი მოვლენის დაფიქსირების შემდეგ, სხვების დაფიქსირება უკვე დროის ამბავია.
„ეს კვლევა წარმოაჩენს ახალ მეთოდს, რომელსაც აქვს პლანეტების აღმოჩენის პოტენციალი რენტგენულ წყაროთა მასპინძელ ფართო დიაპაზონში“, — წერენ მკვლევრები.
მათივე განცხადებით, ვინაიდან სხვა გალაქტიკებში შესაძლებელია ყველაზე კაშკაშა რენტგენული წყაროების დაფიქსირება, ირმის ნახტომს მიღმა, სხვა გალაქტიკებში არსებული პლანეტების, ანუ ეგზტროპლანეტების ძებნა ახლა უკვე რეალური და პრაქტიკული გახდა.
კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.