უმეტესი მათგანი მხოლოდ ერთხელ იფრქვევა და მის შესახებ მეორედ ვეღარაფერს ვიგებთ. არ ვიცით, რა არის ისინი, უცნობია ბევრი მათგანის წარმოშობის ადგილიც.
ამ მოუხელთებელ სიგნალთაგან მხოლოდ ერთი განმეორდა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავი იყო. შედეგად, პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა მისი წყაროს ადგილმდებარეობაც განსაზღვრეს, რაც სავარაუდო მინიშნებასაც გვაძლევს იმის შესახებ, რა შეიძლება იწვევდეს ამ ფენომენს.
მისი სახელია FRB 180814.J0422+73. 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში, სამი კვირის განმავლობაში ის ექვსჯერ აენთო, რაც კანადის რადიოტელესკოპმა CHIME-მ დააფიქსირა. მომდევნო კვირებში დაფიქსირდა სხვა პულსებიც.
საერთო ჯამში, CHIME-მ 13 ახალი სიგნალი დაიჭირა, მათ შორის იყო განმეორებადი სიგნალებიც.
ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ტელესკოპი ჯერ მხოლოდ სატესტო რეჟიმში მუშაობდა და არ იყო ამოქმედებული სრული დატვირთვით.
პირველი — CHIME განსაკუთრებით მძლავრი და იმედისმომცემი ტელესკოპია, რომელიც სწრაფ რადიოსიგნალებზე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ინადირებს, როგორც ამას სამხრეთ ნახევარსფეროში აკეთებს ავსტრალიური ტელესკოპი ASKAP-ი.
მეორე — ამ სიგნალთა მონაცემთა ბაზის შექმნა კიდევ უფრო გაამარტივებს მათი გამომწვევი მიზეზის დადგენას.
ახლად დაფიქსირებული სიგნალი FRB 180814.J0422+73 ჩვენგან 1,5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკიდან მოდის. აღსანიშნავია, რომ ის უკვე გვთავაზობს გარკვეულ გასაღებებს ამ დიადი კოსმოსური საიდუმლოს შესახებ.
CHIME-ს მიერ დაფიქსირებული 13 რადიოსიგნალიდან, რამდენიმე სხვებთან შედარებით გაცილებით დაბალი სიხშირისაა — 400 მეგაჰერცი. წინა რეკორდი 700 მეგაჰერცს შეადგენდა.
400 მეგაჰერცი ტელესკოპთა შესაძლებლობების ქვედა ზღვარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სიგნალები გაცილებით დაბალ სიხშირეებშიც მოდის. მკვლევართა თქმით, 400 მეგაჰერცი სიხშირე ასევე გამორიცხავს ზოგიერთ შესაძლო ახსნას.
კანადის მაკგილის უნივერსიტეტის ფიზიკოს არუნ ნაიდუს განცხადებით, რა არ უნდა იყოს ამ სიგნალთა წყარო, საინტერესოა იმის დადგენა, სიხშირეთა რა დიაპაზონში გამოყოფს ის სიგნალებს. არსებობს გარკვეული მოდელები, რომელთა მიხედვითაც წყაროს არაფრის წარმოება არ შეუძლია გარკვეული სიხშირის დაბლა.
მეორე დიდი გასაღები კი ის არის, რომ 13 სიგნალიდან ყველას აღენიშნება სიხშირის გაფანტულობა, ანუ თავდაპირველი გზიდან გადახრა. ამის წყალობით, ასტოფიზიკოსებს შეუძლიათ გარკვეული ცნობები მიიღონ იმ გარემოს შესახებ, რომელშიც ეს სიგნალებია წარმოქმნილი.
ამ შემთხვევაში, გაფანტულობა მიუთითებს, რომ რადიოსიგნალები წარმოქმნილია სპეციალურ მახასიათებელთა მქონე გარემოში.
ტორონტოს უნივერსიტეტის ასტრონომის, ჩერი ენჯის განცხადებით, ეს შეიძლება მიუთითებდეს სუპერნოვას ნარჩენის გარკვეული სახის მკვრივ შეჯგუფებაზე ან გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელის ახლომდებარე რეგიონზე.
მართალია, პოლარიზაცია ზუსტად ისეთივე არ არის, როგორც სიგნალ FRB 121102-ის შემთხვევაში, მაგრამ ორივე შემთხვევაში სიგნალებს აღენიშნება მახასიათებლები, რომ ისინი წარმოქმნილია სადღაც ექსტრაორდინარულ გარემოში.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ შემდგომი დაკვირვებები ამ სიგნალთა საიდუმლოს ბოლოსდაბოლოს ამოხსნის.