დაფიქსირებულია გრავიტაციული ტალღები, რომლებიც სავარაუდოდ, შავი ხვრელის მიერ ნეიტრონული ვარსკვლავის განადგურებითაა წარმოქმნილი
ერთხელ უკვე ვიხილეთ შავი ხვრელების შერწყმა. ვნახეთ კიდევ უფრო საოცარი მოვლენა — ნეიტრონულ ვარსკვლავთა შერწყმაც. როგორც ჩანს საერთაშორისო თანამშრომლობა „ლაიგო-ვირგო“, რომელმაც ეს შემთხვევები დააფიქსირა, კიდევ უფრო საინტერესო მოვლენის მომსწრე გახდა — სავარაუდოდ დააფიქსირეს გრავიტაციული ტალღები, რომელიც წარმოქმნილია შავი ხვრელის მიერ ნეიტრონული ვარსკვლავის განადგურების შედეგად.
გრავიტაციულ ტალღათა უჩვეულო ნაკადი „ლაიგოსა“ და „ვირგოს“ ობსერვატორიებმა 2019 წლის 26 აპრილს დააფიქსირეს. ეს გახლავთ სივრცე-დროის ჭავლები, ანუ შოკური ტალღები, რომლებიც წარმოქმნილია რაღაც კოლოსალური მოვლენის შედეგად.
მოვლენის ანალიზი ასტრონომებს ჯერ კიდევ არ დაუსრულებიათ და შესაძლოა, ის ბოლოს სულ სხვა რამ აღმოჩნდეს. გრავიტაციული ტალღები პირველად 2016 წელს დააფიქსირეს და მას შემდეგ, ასტრონომიაში სრულიად ახალი ფანჯარა გაიხსნა. ასტრონომებს იმედი აქვთ, რომ ამ ტალღების საშუალებით მრავალი სხვადასხვა სახის კოსმოსურ შეჯახებებს აღმოაჩენენ.
როგორც თავდაპირველი ანალიზები მიუთითებს, იმის შანსი, რომ ეს მოვლენა შავი ხვრელისა და ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმა იყოს, 13 პროცენტია, მაგრამ ასტრონომები მაინც იმედიანად არიან.
„ლაიგოს“ ჯგუფის წევრმა, ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარმა გაბრიელა გონსალესმა გამოცემა New Scientist-ს განუცხადა, რომ ეს მოვლენა სრულიად განსხვავდება აქამდე დაფიქსირებული სხვა შემთხვევებისგან.
შავ ხვრელსა და ნეიტრონულ ვარსკვლავს შორის უზარმაზარი განსხვავებაა. ორივე მათგანი წარმოქმნილია ვარსკვლავის სიკვდილის შედეგად. მას შემდეგ, რაც ვარსკვლავი წყალბადის საწვავს ამოწურავს და აფეთქებათა სერიის შედეგად მოიშორებს თავის მატერიის გარე ფენებს, მისი ბირთვი საკუთარი გრავიტაციითვე კოლაფსირდება.
თუ ეს ბირთვი სამი მზის მასაზე ნაკლებია (თავდაპირველი ვარსკვლავი უნდა იყოს მზეზე 10-30-ჯერ მასიური), ის ნეიტრონული ვარსკვლავი გახდება. თუკი ბირთვი მზის მასას სამჯერ აღემატება, ის შავ ხვრელად გადაიქცევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვარსკვლავები, რომლებსაც საკმარისი მასა არ აქვთ იმისთვის, რათა სიკვდილის შემდეგ თუნდაც ნეიტრონულ ვარსკვლავად გადაიქცეს, თეთრი ჯუჯები ხდებიან; სწორედ ასეთი ბედი ელის ჩვენს მზეს.
ცნობილია, რომ არსებობს ბინარული, ანუ ორმაგი ვარსკვლავური სისტემები, რომელშიც მასა ვარსკვლავებს შორის ძალიან არათანაბრად არის გადანაწილებული. შესაბამისად, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ არსებობდეს ორმაგი სისტემები, რომლებიც შავი ხვრელისა და ნეიტრონული ვარსკვლავისგან შედგება. ამ შემთხვევაში, ორივე მათგანი სასიკვდილოდ არის განწირული, ერთმანეთის გარშემო მოძრაობისას თანდათან უახლოვდებიან და საბოლოოდ, ხდება მათი შეჯახება. ორი ობიექტი ერთმანეთს ერწყმის.
თუმცა, უნდა არსებობდეს გარკვეული განსხვავებები. იმის გამო, რომ შავი ხვრელი გაცილებით მასიური ობიექტია, ის ნეიტრონულ ვარსკვლავს უნდა დაეუფლოს, ანუ მიიერთოს. წრიული ორბიტის ნაცვლად, ნეიტრონული ვარსკვლავის მოძრაობა შავი ხვრელის გარშემო უფრო სფერული ორბიტა იქნება, რაც გაცილებით უკეთესად შესამოწმებელს ხდის ფარდობითობის ეფექტებს.
ზემოთ ხსენებულ მოვლენას S190426c უწოდეს. როგორც „ვირგოს“ დეტექტორები მიუთითებს, ის ჩვენგან 1,2 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე უნდა მომხდარიყო.
ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე განახლებითი სამუშაოების შემდეგ, ობსერვატორია „ლაიგო“ აპრილში კვლავ ჩაირთო. მის მიერ დაფიქსირებული ყველა მოვლენა საჯაროდ ხელმისაწვდომია. მათ შორის არის მოვლენა S190426c-იც და შესაბამისად, ნებისმიერ ასტრონომს მთელ მსოფლიოში, შეუძლია საკუთარი დაკვირვებები აწარმოოს.
თუკი ნეიტრონულ ვარსკვლავს გაანადგურებს და შემდეგ შეჭამს სხვა ვარსკვლავი, ასტრონომთა აზრით, ამ დროს უნდა წარმოიქმნას ელექტრომაგნიტურ აქტივობათა ანთება. მსგავსი რამ ჯერ არ დაფიქსირებულა, რაც სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს სრულიად სხვაგვარ შეჯახებასთან.
გაბრიელა გონსალესის აზრით, ყველაზე სავარაუდო კანდიდატი სწორედ შავი ხვრელისა და ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმაა.
„ლაიგო-ვირგოს“ ინსტრუმენტთა განახლების შემდეგ, გაცილებით გაიზარდა ობსერვატორიათა შესაძლებლობები. დააფიქსირეს მრავალი სხვა მოვლენა, მათ შორის ნეიტრონულ ვარსკვლავთა მეორე შეჯახებაც. თუ აღმოჩნდა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ნეიტრონული ვარსკვლავისა და შავი ხვრელის შეჯახებას არ ეხება, ამ მოვლენის აღმოჩენა მხოლოდ დროის საკითხი რჩება.
მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.