დაფიქსირებულია ნეიტრონულ ვარსკვლავთა კიდევ ერთი შეჯახება - მეორედ ისტორიაში
დაფიქსირებულია ნეიტრონულ ვარსკვლავთა კიდევ ერთი შეჯახება - მეორედ ისტორიაში

ასტრონომებმა ნეიტრონულ ვარსკვლავთა კიდევ ერთი ეპიკური შეჯახება შენიშნეს. თუმცა ამჯერად, მათ გრავიტაციული ტალღები არ გამოუყენებიათ.

ნასას ჩანდრას რენტგენულმა ობსერვატორიამ დედამიწიდან 6,6 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკაში უმძლავრესი რენტგენული ანთება შენიშნა. მკვლევართა თქმით, აფეთქება სავარაუდოდ გამოწვეული იყო ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმით. ნეიტრონული ვარსკვლავები ერთ დროს გიგანტურ ვარსკვლავთა ეგზოტიკური ნაშთებია, რომლებიც იმდენად მკვრივია, რომ მათი შემადგენელი მატერია ნეიტრონებამდეა შეკუმშული.

ჯგუფის წევრთა განცხადებით, თუ მათი ვარაუდი მართებულია, სრულიად ახალი გზა იხსნება ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებებზე ნადირობისათვის. ამ დრომდე მხოლოდ ერთი ასეთი მოვლენაა დაფიქსირებული — 2017 წელს ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახება გრავიტაციული ტალღების, ანუ სივრცე-დროის ჭავლების საშუალებით აღმოაჩინეს (ეს მოვლენა მაშინ რამდენიმე ოპტიკურმა ტელესკოპმაც დააფიქსირა).

კვლევის ავტორის, ჩინეთის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევრის, იონგუან სუეს განცხადებით, მათ სრულიად ახალ გზას მიაგნეს ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებების საპოვნელად. მისი თქმით, რენტგენული გამოსხივების ამ წყაროს ქცევა კარგად ემთხვევა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის პროგნოზებს მსგავსი მოვლენების შესახებ.

ჩანდრას მიერ შესწავლილ სინათლის წყაროს XT2 უწოდეს. ის 2015 წლის 22 მარტს აენთო, მაგრამ მკვლევართა ჯგუფმა მხოლოდ მოგვიანებით, ტელესკოპის საარქივო მონაცემებში შენიშნა. XT2-ის რენტგენული სიკაშკაშე შედარებით მდგრადი იყო 30 წუთის განმავლობაში. თუმცა, მომდევნო 6,5 საათის განმავლობაში ნათება 300-ჯერ შემცირდა, თანდათან კი სრულიად ჩაქრა.

მკვლევართა თქმით, ასეთი რენტგენული ხელწერა ემთხვევა ახლად დაბადებული მაგნეტარისას. მაგნეტარი არის სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი, რომლის მაგნიტური ველიც დედამიწისაზე კვადრილიონჯერ მეტია. გამომდინარე აქედან, როგორც ჩანს, XT2-ის ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახების შედეგად მაგნეტარი წარმოიქმნა და არა შავი ხვრელი, როგორც ეს 2017 წლის მოვლენის შემდეგ მოხდა.

ჯგუფის წევრთა განცხადებით, ახალი კვლევა ასტრონომებს ნეიტრონულ ვარსკვლავთა წიაღის სტრუქტურების უკეთ შესწავლაში დაეხმარება.

მათი თქმით, XT2-მა სავარაუდოდ ასევე წარმოქმნა გრავიტაციული ტალღებიც, მაგრამ მათი დაფიქსირება ვერ მოხერხდა, რადგან ეს მოვლენა გრავიტაციულ ტალღებზე მონადირე ობსერვატორია LIGO-ს განახლებამდე მოხდა. სწორედ ამ პროექტმა, დობილ პროექტ Virgo-სთან ერთად, 2017 წელს შენიშნა ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახების შედეგად სივრცე-დროში წარმოქმნილი ჭავლები.

მოვლენა XT2 ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახების ძალიან კონკრეტული ჯგუფის მოვლენაა. მსგავსი შეჯახებები შესაძლოა, ჩანდრას მონაცემებში მრავლად იმალება.

მათი პოვნის იმედით, ჩინეთის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევრები ტელესკოპ ჩანდრას მონაცემებს აქტიურად ამუშავებენ.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.