დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი - მაია ნიკოლეიშვილის მიმართ დამოკიდებულება კიდევ უფრო არასანდო გახდა, როცა ტელევიზიებში დადიოდა და თავისი დასკვნის სისწორეს ადასტურებდა
სასამართლოს ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის დასკვნა რომ გამოეყენებინა და გაეზიარებინა, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში ორივე ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა, – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოკითხვისას, მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ხათუნა მაღლაკელიძემ განაცხადა.
ადვოკატმა ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მიმართ მისი და დაზარალებული ოჯახის უნდობლობის მიზეზები განმარტა.
მაღლაკელიძის თქმით, გარდა იმისა, რომ მის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაში ვარაუდებზე იყო ყველაფერი აგებული, მაია ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ მას არ გამოუკვლევია სხეულზე არსებული დაზიანებები, არ უნახავს და ვერც ნახავდა, რადგან საქმეში გვიან ჩაერთო.
„მას შეეძლო გამოეკვლია კანის პრეპარატები, რომელზეც ბრძანა, რომ ჩათვალა, არ იყო მისთვის ინფორმატიული. მაგალითად, მე და ყველა იურისტი დამოკიდებული ვართ ძირითადად, სამხარაულის ექსპერტიზაზე. თავადაც ექსპერტია და ხშირად ატარებს ექსპერტიზებს. თუ მიგვაჩნია, რომ სამხარაულის ბიურო მოძველებული და არასაჭირო მეთოდებით მუშაობს, თუ ისეთ ნივთიერებაში ინახავენ მასალას, რომ შემდეგ აღარ გამოდგება, მაშინ ამ კუთხითაც განვახორციელოთ რაღაც ქმედება. თუმცა, რადგან ასეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ ინახავენ მუდმივად და სხვა ექსპერტს არასდროს ამაზე პრეტენზია არ განუცხადებია, მე არ გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს ისეთ მასალაშია შენახული, რომ კვლევისთვის გამოუსადეგარი იყო“, – განაცხადა მაღლაკელიძემ.
შესაბამისად, ადვოკატი მიიჩნევს, რომ მაია ნიკოლეიშვილს შეეძლო აღნიშნული პრეპარატების გამოყენება.
„თუ ნახავდა, რომ უვარგისი იყო, ის აღეწერა შემდეგ თავის დასკვნაში და არა იმის ვარაუდი, რომ – მე ეს არ გამომადგებოდა და ამიტომ არ გამოვიყენე. ასევე, შემდეგ, მაია ნიკოლეიშვილმა ბრძანა, რომ მას არ ჩაუტარებია ტანსაცმლის კვლევა, რომ ის არ არის ტრასოლოგი. როდესაც ტრასოლოგი დავკითხეთ, მან ბრძანა, რომ მხოლოდ ტანსაცმელი გამოიკვლია და შედარება არ გაუკეთებია, რადგან ის არ არის სამედიცინო ექსპერტი. შესაბამისად, რატომ უნდა გაგვჩენოდა ნდობა ამ დასკვნის მიმართ, როდესაც ის არ იყო სრულყოფილი“, – განაცხადა ადვოკატმა.
ამასთან, ხათუნა მაღლაკელიძე მიიჩნევს, რომ მაია ნიკოლეიშვილს არა სატელევიზიო ეთერებით უნდა ემტკიცებინა თავისი დასკვნის სისწორე, არამედ მისი აქტივობა დასკვნის გაცემითა და სასამართლოში ჩვენების მიცემით უნდა დასრულებულიყო.
„ჩემი დამოკიდებულება კიდევ უფრო არასანდო გახდა ამ ექსპერტის მიმართ, როდესაც ის ყველა ტელევიზიაში დადიოდა და თავისი დასკვნის სისწორეს ადასტურებდა. როდესაც ექსპერტმა გასცა დასკვნა და სასამართლოში მისცა ჩვენება, იქ უნდა დამთავრებულიყო მისი აქტივობა“, – განაცხადა ხათუნა მაღლაკელიძემ.
ადვოკატის თქმით, შემდეგ მაია ნიკოლეიშვილმა თავადვე დაადასტურა ბოლო პერიოდში, რომ კვლევისას გამოიკვეთა ისეთი საკითხები, რომელიც მისივე შეფასებით, დამატებით კვლევას საჭიროებდა და მის კომპეტენციას სცდებოდა.
„შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სასამართლო სწორად მოიქცა, რომ არ გამოიყენა მისი დასკვნა, როგორც მტკიცებულება და არ გაიზიარა, სადაც ის ამბობდა, რომ საერთოდ სასიკვდილო ჭრილობებეზე არ იყო დანა გამოყენებული. ალბათ, ეს დასკვნა რომ გამოეყენებინა, ორივე ბრალდებული გამართლდებოდა, ლევან დადუნაშვილის ნაწილშიც გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ბრალდებული ადასტურებდა, რომ ლევანის წინ იდგა და მის მიმართ გამოიყენა დანა“, – განაცხადა დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა ხათუნა მაღლაკელიძემ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დილიდან მიმდინარეობს. კომისიაზე უკვე გამოკითხეს მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე, რის შემდეგაც ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე და დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე გამოიკითხნენ.