დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატი - მიხეილ კალანდიას ტანსაცმელზე სისხლის არსებობა ცალსახად არ ნიშნავს, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა
დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატი - მიხეილ კალანდიას ტანსაცმელზე სისხლის არსებობა ცალსახად არ ნიშნავს, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა

მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი რომც ამოეღოთ და მასზე ყოფილიყო დავით სარალიძის სისხლი, ცალსახად ალბათ ეს არ მიგვითითებდა, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა, – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა, ხათუნა მაღლაკელიძემ განაცხადა.

„მიხეილ კალანდიას მიმართ ტანსაცმლის ამოღებასთან დაკავშირებით გეტყვით, თუ არავინ მიუთითა გამოძიებას, ბუნებრივია, ალბათ თვითონ ვერ იპოვიდნენ მის ტანსაცმელს, თუმცა მიმაჩნია, მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი რომც ამოეღოთ და მასზე ყოფილიყო დავითის სისხლი, ცალსახად ალბათ ეს არ მიგვითითებდა, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა. ის პირდაპირ უთითებდა, რომ მას შეხება ჰქონდა დავითთან, იმ დროს, როცა გ.ჯ. მას დანით აყენებდა დაზიანებებს. ბუნებრივია, შესაძლებელია, ყოფილიყო მასზე დავითის სისხლი, თუმცა ვიმეორებ, რომ ეს პირდაპირი მტკიცებულება ვერ იქნებოდა, რომ ის დაგვედანაშაულებინა ცალსახად მკვლელობაში, თუ პარალელურად არ იქნებოდა მოწმის ჩვენებაც, რომ მან გამოიყენა დანა დავითთან მიმართებაში“,- განაცხადა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დადუნაშვილის ადვოკატმა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დილიდან მიმდინარეობს. კომისიაზე უკვე გამოკითხეს მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე, რის შემდეგაც ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე და დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე გამოიკითხნენ. კომისია შემდეგ სხდომაზე ახსნა-განმარტებითვის დასაბარებელ პირთა თანმიმდევრობაზე მსჯელობს.