დადგინდა, ზუსტად რამდენი ხნის წინანდელია ციმბირის გაყინულ ნიადაგში აღმოჩენილი უძველესი დათვის სხეული — #1tvმეცნიერება
დადგინდა, ზუსტად რამდენი ხნის წინანდელია ციმბირის გაყინულ ნიადაგში აღმოჩენილი უძველესი დათვის სხეული — #1tvმეცნიერება

2020 წელს, ლიახოვსკის კუნძულებზე, ციმბირის მუდმივად გაყინულ ნიადაგში აღმოჩენილი დათვის სხეული სულაც არ არის 30 000 წლის წინანდელი, როგორც ეს თავდაპირველად ჩათვალეს. სინამდვილეში, ის დაახლოებით 3500 წლის წინანდელია.

ასეთი ვერდიქტი გამოიტანა რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ფედერალურმა უნივერსიტეტმა, სადაც დათვის საკმაოდ კარგად შენახულ სხეულს ახალი ნეკროსკოპიული ანალიზები ჩაუტარეს. აღმოჩენა მაინც გასაოცარია, რადგან წარსულის კვლევის საინტერესო შანსს იძლევა.

თავდაპირველად, მკვლევართა ჯგუფი ფიქრობდა, რომ გაყინული ნიადაგიდან ამოღებული სხეული მღვიმის დათვს (Ursus spelaeus) ეკუთვნოდა, სახეობას, რომელიც დაახლოებით 24 000 წლის წინ გადაშენდა. ისინი არც ისე დიდები იყვნენ, როგორც ამჟამინდელი მურა დათვები (Ursus arctos), მაგრამ მიჩნეულია, რომ ზოგიერთი მათგანი სიგრძეში ორ მეტრამდე იზრდებოდა და 1000 კილოგრამამდე იწონიდა.

ახალი ანალიზების შედეგად დგინდება, რომ საქმე გვაქვს მის უფრო დიდ „ბიძაშვილთან“. ეგზემპლარის სიმაღლე 1,55 მეტრია, 78 კილოგრამს იწონის და მეცნიერთა აზრით, დაახლოებით 2-3 წლის ასაკში უნდა მომკვდარიყო ხერხემლის დაზიანების შედეგად.

„ეს აღმოჩენა აბსოლუტურად უნიკალურია: ჩვენ წინაშეა უძველესი მურა დათვის სრული სხეული. პირველად ისტორიაში, მეცნიერებს ხელში ჩაგვივარდა რბილი ქსოვილების მქონე ნეშტი, რამაც შინაგანი ორგანოებისა თავის ტვინის შესწავლის შანსიც კი მოგვცა“, — ამბობს ჩრდილო-აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის ბიოლოგი მაქსიმ ჩეპრასოვი.

მკვლევართა განცხადებით, ამ დათვს იგივე მიტოქონდრიული დნმ აქვს, რაც დღეს რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ბინადარ დათვებს. ნეშტი იმდენად კარგად არის შემონახული, რომ მეცნიერები იმასაც ხედავენ, რა ჭამა მან სიკვდილამდე: მცენარეები და ფრინველები.

ერთი საიდუმლო, რასაც მკვლევრები ჯერ ვერ ხსნიან, არის ის, თუ როგორ მოხვდა ის ლიახოვსკის კუნძულებზე, რომლებიც დღეს კონტინენტური ნაწილისგან 50 კილომეტრით არის დაშორებული. შეიძლება გაცურა ან დროებითი ყინულის ხიდის საშუალებით გადავიდა.

სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ასაკის თავდაპირველი შეფასება უბრალოდ ვარაუდი იყო, იქამდე, ვიდრე უფრო დეტალური ანალიზები ჩატარდებოდა. შემდეგი ანალიზები კიდევ უფრო მეტ რამეს გვეტყვის.

კლიმატის ცვლილების გამო, მსოფლიოს ბევრი ნაწილი თბება და ზედაპირზე სულ უფრო და უფრო მეტი ისეთი ნაშთი ამოდის, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში იყო მიწაში ჩაყინული — მიკროსკოპული არსებებიდან დაწყებული, მგლის თავებით დამთავრებული.

უძველესი ეკოლოგიის შემონახვის თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოირჩევა ციმბირი, რის გამოც, ეს რეგიონი პალეონტოლოგთა დიდი ინტერესის საგანია. არსებობს იმის რისკიც, რომ უძველესი ყინულის დნობასთან ერთად, გამოთავისუფლდეს უშორეს წარსულში მიძინებული პათოგენებიც.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.