დაცვის მხარე უარყოფს ინფორმაციას, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ახალმა მოწმემ გ.ბ. სარალიძის დაჭრაში ამხილა
დაცვის მხარე კატეგორიულად უარყოფს პროკურატურის ინფორმაციას, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკითხულმა ახალმა მოწმემ არასრულწლოვანი დავით სარალიძის დაჭრაში ამხილა.
ადვოკატის ინფორმაციით, პროკურორმა მედიას არასწორი ინფორმაცია გაუმხილა და მოწმის ჩვენება კონტექსტიდან ამოვარდნილად მოყვა.
რამაზ ჩინჩალაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ტაქსიში ლ.ნ-ს დანის მოქნევაზე ესაუბრებოდა, თუმცა ახსენებდა არა დავით სარალიძეს, არამედ ლევან დადუნაშვილს. დაცვის მხარე არ დავობს, რომ გ.ბ-მ დადუნაშვილს წელის არეში ჭრილობა მიაყენა, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ მოზარდმა დავით სარალიძე დაჭრა.
„დეტალურად გავამახვილებ ყველა მნიშვნელოვან გარემოებაზე ყურადღებას და გავაკეთებ რეკონსტრუქციას იმ ფაქტების, რაც მოხდა ფარდულში, მის გარეთ და ვინ რა მოიმოქმედა ამ ტრაგედიის მერე. ვისაუბრებ, ვინ მოახდინა რეალურად ზემოქმედება კალანდიაზე.
არასწორი და არაობიექტური ინფორმაცია არის, როდესაც პროკურორი ამბობს, რომ ახალი მოწმე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულზე საუბრობს. არ შეიძლება მხარემ ტყუილი თქვას. მე ამ მოწმის საუბარზე დეტალურად მოგიყვებით. მოწმემ ლ.ნ-მ განმარტა, რომ როდესაც ხორავას ქუჩაზე ეს ტრაგედია მოხდა, ის ტაქსით წამოვიდა ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან, გ.ბ-სთან ერთად. როგორც მოწმე საუბრობს, გ.ბ. ჰყვებოდა, რა მოხდა ხორავას ქუჩაზე. ისიც აღნიშნა, რომ ვიღაც დაჭრა, ამას ჩვენ არ უარვყოფთ. დადუნაშვილს მან წელის არეში მიაყენა ნამდვილად 4სმ სიღრმის ჭრილობა და არავითარ შემთხვევაში სხვა ჭრილობა, ასევე ახალი მოწმე გ.ბ-ს ნათქვამზე ამბობს, რომ მან თქვა „წკაპ“ დავარტყიო. ბრალდების მხარე ცდილობს ამ საუბრის გამოყენებას, თითქოს სარალიძეს დაარტყა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა. ამ მოწმეს პროკურორმა სთხოვა დადასტურება, ვისზე საუბრობდა გ.ბ, თუმცა მოწმე პასუხობს, რომ არ იცის, სარალიძეზე ამბობდა, თუ დადუნაშვილზე. ციტირებას მოგიყვანთ, რა თქვა ამ ახალმა მოწმემ. კითხვა დაისვა, ფარდულში მიმდინარე მოვლენებს ჰყვებოდა თუ სხვა რამეს. მოწმე ჰყვება, რომ გ.ბ. ცდილობდა ფარდულიდან მისი მეგობრის, გ.ჯ-ს გამოყვანას და ამბობს მოზარდის სიტყვებს: „გამოვეცალე იქაურობას და მერე დავარტყი წკაპ-წკაპ”, – აი, ამას ამბობს ის დადუნაშვილზე და არა სარალიძეზე. არ შეიძლება ამის არასწორი ინტერპრეტაცია“, – განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.
პროკურორ თორნიკე ნადირაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ახალი მოწმე ლ.ნ. ადასტურებს, რომ დავით სარალიძეს ჭრილობა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა გ.ბ-მ მიაყენა.