დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ურჩევს, შუადღის საათებში გარეთ გასვლისგან თავი შეიკაონ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს და ურჩევს, შუადღის საათებში გარეთ გასვლისგან თავი შეიკაონ.
ხათუნა ხაზაშვილის თქმით, მაღალი ტემპერატურა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ამასთან, მოსახლეობას ურჩევს, რომ ეკოლოგიურად სუფთა საკვები მიიღონ და შეინახონ ცივ ადგილას, რადგან მისი თქმით, ზაფხულში დაავადების რისკები გაცილებით მაღალია.
„ნებისმიერ შემთხვევაში რეკომენდებულია, რომ აქტიური ფიზიკური მოქმედებები, ის, რაც დაკავშირებულია ფიზიკურ შრომასთან, მზის ამოსვლამდე განხორციელდეს ან როდესაც ტემპერატურა მეტნაკლებად დაბალია, საღამოს საათებში. მოსახლეობამ უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით წყალი. ამასთან, მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება, რა რაოდენობის წყალს დალევს მათი შვილები. ბავშვების გასეირნება რეკომენდებულია დილას და საღამოს“, – განაცხადა ხათუნა ხაზაშვილმა.