დაავადებათა კონტროლის ცენტრის პორტალზე შესაბამისი პროგრამით მოხდება მაღალი რისკის მქონე პირების იდენტიფიცირება, რომლებიც ვაქცინაციისთვის დარეგისტირებას შეძლებენ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შედგება სიები, რომლებიც განთავსდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის პორტალზე და შესაძლებელი იქნება ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, ვისაც აქვს მაღალი რისკი.
ტიკარაძის განმარტებით, ასეთი ადამიანები შეძლებენ ვაქცინაციისთვის დარეგისტირებას.
„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ჩვენი მოქალაქეების მხრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ეს არის ქრონიკული დაავადების მქონე პირების მეტად ინტენსიური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. ამისთვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენს პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად, ვინც ჩართულია ვაქცინაციის პროცესში, დამატებით იმუშავებს შემდეგი კვირის განმავლობაში. ჩვენ შევადგენთ სიებს იმ არსებული ბაზებიდან, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში გვაქვს მრავალი წლის გამოცდილებიდან. ეს სიები განთავსდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის პორტალზე, რითაც პროგრამა შეძლებს ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირებას, ვისაც აქვს მაღალი რისკი და შესაბამისად, ეს ადამიანები შეძლებენ დარეგისტრირებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.