დაავადებათა კონტროლის ცენტრი - პრინციპულად აუცილებელია, გეგმური ვაქცინაცია გაგრძელდეს უწყვეტად, ჩვეულ ასაკობრივ ვადებში
გეგმურ ვაქცინაციასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, პრინციპულად აუცილებელია, გეგმური ვაქცინაცია გაგრძელდეს უწყვეტად, ჩვეულ ასაკობრივ ვადებში.
„ძვირფასო მშობლებო, არსებული სიტუაციის აქტუალობიდან და თქვენი მრავლობითი შეკითხვებიდან გამომდინარე, გიზიარებთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პოზიციას ბავშვთა გეგმიურ ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით:
პრინციპულად აუცილებელია (!) გეგმიური ვაქცინაცია გაგრძელდეს უწყვეტად, ჩვეულ ასაკობრივ ვადებში.
კორონავირუსული ეპიდემიის პირობებში ძალზე საშიშია პატარების საფრთხეში დატოვება აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი დაცვის გარეშე.
თქვენი იმუნიზაციით მომსახურების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით პოლიკლინიკებს და დაწესებულებებზე, სადაც ტარდება გეგმიური ვაქცინაცია გაცემულია მითითება, რომ აცრის ვიზიტისთვის თქვენთან წინასწარ შეთანხმდეს (სატელეფონო ან წერილობითი სახით) ზუსტი თარიღი და დრო აცრების ჩასატარებლად. აღნიშნული უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებებში თქვენი და თქვენი შვილის დაყოვნების ხანგრძლივობის, მომლოდინთა რიგების მინიმიზებას და დერეფნების განტვირთვას.
შეგახსენებთ, რომ ინფექციების ნაწილი (ყივანახველა, პნევმოკოკი, წითელა, ჰიბ-ი) იწვევს სწორედ სასუნთქი სისტემის დაზიანებას, მსგავსად ახალი კორონავირუსისა.
ზემოთ აღნიშნულ ინფექციებზე აცრა კი იცავს ბავშვებს მათ მიერ გამოწვეული გართულებებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.