დაავადებათა კონტროლის ცენტრი - მშობლების უარის გამო, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევას პრობლემები ექმნება
ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით დაწყებული კვლევის პროცესში პრობლემები შეიქმნა – მშობლების ნაწილი შვილის კვლევაში მონაწილეობასა და სისხლის ჩაბარებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ განუცხადა.
მისი თქმით, ცენტრის თანამშრომლები სისხლში ტყვიის შემცველობას 2-დან 7 წლამდე ბავშვებში იკვლევენ, თუმცა მოსახლეობის ნაწილი გამოკვლევებზე უარს აცხადებს. დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ამის მიზეზი ხშირშემთხვევაში მათი არაინფორმირებულობა და პედიატრების მიერ მშობლებისთვის კვლევასთან დაკავშირებით მიცემული არასწორი რჩევებია.
ლელა სტურუას განცხადებით, ბავშვები გამოსაკვლევად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ირჩევიან, ზოგადი სურათის შესაქმნელად კი საჭიროა სულ მცირე 1500 ბავშვის ანალიზის ჩატარება. თუმცა ამ ეტაპზე, კვლევაში ჩართვის მაჩვენებელი 60%-ს არ აღემატება, თბილისში კი უფრო მცირეა. ამან კი, ლელა სტურუას განცხადებით, შესაძლოა, კვლევის სრულფასოვან ჩატარებას პრობლემა შეუქმნას, რაც საბოლოო ჯამში ვერ მოგვცემს ქვეყნისთვის რეპრეზენტატულ სურათს, რაც ხელს შეუშლის სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და ბავშვების საფრთხისგან დაცვას.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის თქმით, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა მთელი მსოფლიოსთვის არის პრობლემა და გამონაკლისი, სავარაუდოდ, არც საქართველო იქნება, რაზეც ქვეყანაში ადრე გაკეთებულ მცირემასშტაბიანი კვლევებიც მიუთითებდა.
საქართველოში მიმდინარე კვლევა ასევე შეამოწმებს წყლის ხარისხს და შეისწავლის 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას. საველე სამუშაოები დაიწყო სექტემბრიდან და დამთავრდება დეკემბრის ბოლოს.
ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, ქვეყნის მასშტაბით, 2 -7 წლის დაახლოებით 1500 ბავშვს აუღებენ სისხლს ვენიდან. ნიმუშები გაიგზავნება ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში, იტალიაში. ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ ტყვიის ანალიზის პასუხებს და სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ უფასო კონსულტაციას გაუწევს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას, დაგეგმოს და შეიმუშაოს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რაც გააუმჯობესებს დაუცველი ოჯახებისა და ბავშვების ცხოვრებას და ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, მიიღონ კვლევაში მონაწილეობა.
კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლის გაზაფხულზე.