დაავადებათა კონტროლი ვაქცინაციასთან დაკავშირებით მშობლებს აფრთხილებს
დაავადებათა კონტროლი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მშობლებს აფრთხილებს. მათი თქმით, აუცილებელია ბავშვების ვაქცინაციის ისტორია გადამოწმდეს და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები აცრილი არ არიან, ვაქცინა დროულად გაკეთდეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, შემოდგომის პერიოდში წითელასა და წითურას ხშირი შემთხვევებია.
„მოსალოდნელია ისეთი დაავადებების გავრცელება, სადაც გადადების მექანიზმი საკმაოდ ადვილად მუშაობს. პირველ რიგში, ეს ისევ წითელაა. ერთადერთი რჩევაა, მშობლებმა სკოლაში შესვლის წინ გადახედონ ბავშვის ვაქცინაციის ისტორიას და თუ რამე ვაქცინა გამოტოვებული აქვთ, აუცილებლად აცრან სკოლაში, ბაღში წაყვანის წინ. ჯერ რესპირატორული დაავადებების სეზონი შორს არის, თუმცა ვისაც ზამთარში გრიპის ეშინია, მისი ვაქცინაცია ოქტომბერში იწყება”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
რაც შეეხება რეკომენდაციებს სკოლებისა და ბაღების მიმართ, პაატა იმნაძის თქმით, აუცილებელია სასწავლო დაწესებულებებმა შენობებში სისუფთავე დაიცვან.