დაავადება, რომელიც ძველმა რომაელებმა რამდენიმე კონტინენტზე გაავრცელეს
დაავადება, რომელიც ძველმა რომაელებმა რამდენიმე კონტინენტზე გაავრცელეს

მსოფლიოში ყოველი ოთხი ადამიანიდან ერთი, ტუბერკულოზის ლატენტურ ინფექციას ატარებს. ეს დაავადება სიკვდილის 10 უმთავრეს მიზეზს შორის შედის.

ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა შეისწავლეს იმ მიკროორგანიზმის გენეტიკა, რომელიც Mycobacterium tuberculosis-ს იწვევს. მათი მიზანი იყო დეტალურად შეესწავლათ დაავადება, რომელიც სათავეს აფრიკაში იღებს და ფართოდ იყო გავრცელებული რომის იმპერიის ყაზარმებსა და აბანოებში.

ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მაშინ, როცა რომი ხმელთაშუა ზღვის სუპერსახელმწიფოს წარმოადგენდა, იმპერიაში ადვილად გავრცელდა ტუბერკულოზის სულ მცირე ერთი ნაირსახეობა.

ტუბერკულოზი ძირითადად ფილტვებს აზიანებს. საბედნიეროდ, როგორც წესი, ის ფარული რჩება ყოველგვარი სიმპტომების გარეშე და არ არის ინფექციურიც.

თუმცა, ლატენტური ინფექცია Mycobacterium tuberculosis-ის მატარებელ ზოგიერთ ადამიანში, გარკვეულ მომენტში ის აქტიურდება და გააფთრებულ ბრძოლას იწყებს იმუნურ სისტემასთან. საბოლოოდ, ის იმარჯვებს და ფირფიტებად ილექება თეთრ უჯრედებში.

შედეგი შესაძლოა, შემზარავი იყოს, რადგან ფილტვებში რჩება მკვდარ თეთრ უჯრედთა მთელი წყებები, ე. წ. ტუბერკულები. ეს გრანულები იწვევენ გაღიზიანებას, იწყება სისხლიანი ხველა, რითაც ტუბერკულოზი არის ცნობილი.

იმის უკეთ გასარკვევად, როგორ შეიძლება მომავალში ეს დაავადება გავრცელდეს, საჭიროა განისაზღვროს მისი წარმოშობის თავდაპირველი ადგილი. სწორედ ეს მოახერხა გენეტიკოსმა კატლინ პეპერელმა, რომელიც ბაქტერიის გენომს იკვლევდა.

„მსურდა, გენომური მონაცემები მომერგო ისტორიული კონტექსტისთვის“, — აღნიშნავს იგი.

მსოფლიოში გამოვლენილია ტუბერკულოზის შვიდი ძირითადი შტამი. ყველა მათგანი დაკავშირებულია ადამიანის დაავადებასთან, რომელიც პირველად ათობით ათასი წლის წინ აფრიკაში გამოჩნდა.

პეპერელის გენომური მონაცემები მოიცავდა თანამედროვე აფრიკისა და აზიის მოსახლეობაში შეგროვებულ ტუბერკულოზის ბაქტერიის 550 ნიმუშს.

იმისათვის, რათა გაერკვიათ, რამდენად განსხვავებული შტამები იყო დაკავშირებული ფილოგენეტიკურ ხეთან, მკვლევრებმა მათ თანმიმდევრობებს შორის არსებული სხვაობა გამოიყენეს.
დნმ-ის სეგმენტების მუტირების გზით, პეპერელმა და მისმა ჯგუფმა შეძლო იმ თარიღის დადგენა, როცა თითოეულმა ამ შტამმა აფრიკა დატოვა და მთელ პლანეტას მოედო.

მათ დაადგინეს, რომ უკანასკნელად ეს შტამები ერთ დიდ ინფექციურ ოჯახს მიეკუთვნებოდნენ 4000-6000 წლის წინ, აფრიკაში. აღმოჩნდა, რომ შვიდიდან სამი ხაზი არც ისე შორს წასულა, სამაგიეროდ, დანარჩენები უბრალოდ აფეთქდნენ.

აღსანიშნავია, რომ მათი განტოტება დაახლოებით ემთხვევა სხვადასხვა ცივილიზაციათა აღზევებისა და დაცემის მნიშვნელოვან მოვლენებს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შტამები ყველაზე მეტად ახ. წ. I საუკუნეში გავრცელდა.

„ეს დრო შეესაბამება რომალეთა საოცრად ბევრ და დიდ მოგზაურობებს ხმელთაშუა ზღვის მასშტაბით. მოხდა კონტაქტი ისეთ ადამიანებთან, რომლებთანაც მანამდე კავშირი არ ჰქონიათ“, — უთხრა პეპერელმა გამოცემა New Scientist-ს.

ყველა კონტაქტი ინფიცირებულ რომაელებთან როდი ხდებოდა, რაც არც იყო აუცილებელი. დიდი როლი ითამაშა სამხედრო ყაზარმებმა და თბილ, ნესტიან აბანოებში თავყრილობის მოდამ.

რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთის ბუნების ისტორიის მუზეუმის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში იპოვეს 6600 წლის წინანდელი ტუბერკულოზის შტამი სახელად Beijing Lineage. ეს კი ზუსტად ემთხვევა ამ რეგიონში ბრინჯის მეურნეობის განვითარებას.

პეპერელის ანალიზებმა შტამის მოძრაობის იგივე მახასიათებლები აღმოაჩინა, ოღონდ ქვეყნის მასშტაბით, რაც შესაძლოა, ქვეყნის ისტორიული იზოლაციონისტური პოლიტიკის შედეგი იყოს.

სულაც არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ ადამიანის დაავადება გავრცელდა სავაჭრო გზების გასწვრივ და ემთხვევა მიგრაციასა და სამხედრო მოძრაობებს. შესაბამისად, ამ კვლევით მიღებული ყველაზე საოცარი შედეგი ის არის, რომ სხვადასხვა ეპოქების კულტურული ღონისძიებები და ქცევები გვეხმარება დაავადებათა გავრცელების საზღვრების დადგენაში.

ტუბერკულოზის დეტალურ კვლევას ჩვენს ეპოქაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან უკვე ჩნდება მედიკამენტებისადმი რეზისტენტული შტამები, რაც ნამდვილად იძლევა განგაშის საფუძველს.

მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.