ადვოკატი - ცრუ ჩვენებისთვის დაკავებულ დ.ღ.-ს სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების ვადის ამოწურვამდე გაათავისუფლებენ
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებულ დ.ღ.-ს სავარაუდოდ, სასამართლოს ორი პროცესის შემდეგ გაათავისუფლებენ, – ამის შესახებ დღევანდელი სხდომის შემდეგ დ.ღ.-ს ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა განაცხადა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის 19 იანვარს იწურება, თუმცა მანამდე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს.
ამასთან, ფრიდონ სიხუაშვილის თქმით, წარმოუდგენელია, პროკურატურამ დარჩენილი მტკიცებულებების სხდომაზე გამოკვლევა 19 იანვრამდე მოასწროს.
თავის მხრივ, საქმის პროკურორი ბესიკ ქვარცხავა აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყება ეცდება, მოკლე ვადაში მოასწროს მტკიცებულებების გამოკვლევა და საქმის დასრულება.
პროცესი ხვალ 10:00 საათზე განახლდება. დღევანდელ სხდომაზე კი, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ორი მსჯავრდებული არასრულწლოვანი და დავით სარალიძის სკოლელი მოწმე გამოიძახეს.
როგორც პროკურორმა დახურული სხდომის შემდეგ განაცხადა, მსჯავრდებულმა არასრულწლოვნებმა უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე, მესამე მოწმემ კი, ბრალდების პოზიცია დაადასტურა.
ამასთან, დ.ღ.-ს ადვოკატის შეფასებით, მოწმის ჩვენება რამე მნიშვნელოვან დეტალს არ მოიცავდა და პროკურატურა მას ბრალდებულის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებს. სიხუაშვილის თქმით, დ.ღ. უდანაშაულოა და საქმეში მის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს.