ცოტნე ყავლაშვილი - საგადასახადო მაჩვენებლების მაღალი შესრულება ბოლო პერიოდში განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია
საგადასახადო შემოსავლების კუთხით ქვეყანაში ძალიან პოზიტიური ტენდენციაა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 15 ივნისს იყო საგადასახადო შემოსავლების კუთხით ბოლო ვადა და ნაერთ ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 232.6 მლნ ლარის ოდენობით საგადასახადო შემოსავლები, რაც ერთ დღეში ბიუჯეტში შესული თანხების მხრივ რეკორდული მაჩვენებელია.
„ზოგადად, ივნისზეც გავამახვილებ ყურადღებას. ძალიან პოზიტიური ტრენდი გვაქვს საგადასახადო შემოსავლების კუთხით. უკვე მობილიზებულია 608 მილიონი ლარი, რაც პრაქტიკულად, 25 პროცენტიან ზრდას აჩვენებს ამ ეტაპისთვის. ივნისში ველოდებით მილიარდი ლარის ფარგლებში საგადასახადო შემოსავლებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის და გააუმჯობესებს იმ პოზიტიურ მაჩვენებლებს, რომელიც ხუთი თვის მდგომარეობით გვქონდა. ხუთი თვის მდგომარეობით, სტატისტიკის თანახმად, 130 მლნ ლარზე მეტი იყო გადაჭარბება, გარდა ამისა, 195 მლნ ლარი გვქონდა მიმართული დაბრუნების ქვეანგარიშზე, დღგ-ს გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მისი განმარტებით, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში უკვე დაბრუნებულია 200 მილიონი ლარი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
„საგადასახადო მაჩვენებლების მაღალი შესრულება არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა. ვგულისხმობ, როგორც საგადასახადო, ისე ხარჯვითი პოლიტიკის ნაწილს და ზოგადად, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, სტრუქტურული რეფორმების სახით“, – აღნიშნა ცოტნე ყავლაშვილმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ერთ დღეში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 232.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.