ცოტნე ყავლაშვილი - 2020 წლის ბიუჯეტის ნომინალური პარამეტრები მესამე წარდგენისთვის გაიზრდება
ცოტნე ყავლაშვილი - 2020 წლის ბიუჯეტის ნომინალური პარამეტრები მესამე წარდგენისთვის გაიზრდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, 2020 სახელმწიფო წლის ბიუჯეტის ნომინალური პარამეტრები პარლამენტში დოკუმენტის მესამე წარდგენისთვის გაიზრდება.

ამასთან, ყავლაშვილი ამბობს, რომ პროექტში შესაძლოა, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის ეკონომიკური ზრდა გადაიხედოს. თუმცა, ბიუჯეტის დეფიციტი შენარჩუნებული იქნება გონივრულ პარამეტრებში.

„ველოდებით, რომ ბიუჯეტი მაკროეკონომიკური პარამეტრების ნაწილში იქნება გადახედილი, ნომინალურ მაჩვენებელში კი მესამე წარდგენისთვის გაზრდილი მაჩვენებლები გვექნება“, – აღნიშნა ყავლაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზენტაციას დაესწრო, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, რეგიონში ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელ შენელებაზე იყო საუბარი.

„ყველა მიმართულებით საქართველო ჯანსაღ ტრენდს აჩვენებს რეგიონში ყველა შესადარ ქვეყანასთან მიმართებაში. ზოგადად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რეგიონისთვისაც მცირედით შემცირებულია. ამან იქონია გავლენა საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელზეც“, – განაცხადა ყავლაშვილმა.

ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში მეორე წარდგენისთვის მხოლოდ მცირე ტექნიკური ცვლილებები შეიტანა. მესამედ კი, დოკუმენტი მთავრობამ პარლამენტს 30 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს. დოკუმენტში შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირდეს, რომელიც პირველად დოკუმენტში 5-პროცენტიან ნიშნულზე იყო განსაზღვრული.

დატოვე კომენტარი