ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდების მხარემ საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვა წარადგინა
ცოტნე გამსახურდიას განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდების მხარემ საქალაქო სასამართლოში დასკვნით სიტყვა წარადგინა. როგორც საქმის პროკურორი მარიკა გოგოხია აცხადებს, მათ პროცესზე ის მტკიცებულებები წარმოადგინეს, სადაც დაკავებულების ბრალეულობა იკვეთება.
გოგოხიას თქმით, საქმეში ასევე დევს ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ჩვენება, სადაც აღწერილია, რომ ცოტნე გამსახურდიამ ჟესტების ენით დაადასტურა დაკავებულების ბრალეულობა. ამასთან, როგორც მარიკა გოგოხიამ განაცხადა, ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის მაქსიმალურ სასჯელს ითხოვს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ტატო ღარიბაშვილის ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ ეთანხმება და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება ამ ბრალდებას განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, თუმცა მზად არის, პასუხი აგოს იმაზე, რაც მან ჩაიდინა. კერძოდ, მოვითხოვთ საქმის სისიხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გადაკვალიფიცირებას, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამას ეთანხმება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რაც რეალურად განახორციელა მან. დეტალურად ჩვენს პოზიციას უკვე 11 აგვისტოს ჩანიშნულ პროცესზე გაგაცნობთ“, – განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვილმა.
საქალაქოში მომდევნო სასამართლო სხდომა 11 სექტემბერს 10:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარადგენს.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს. ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ერთი პირი კი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა