ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი - ნეიტრალური მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო გიორგი სოლოღაშვილი
ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი - ნეიტრალური მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო გიორგი სოლოღაშვილი

ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა. ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებს გაეცნო, რომლითაც ბათილდება ბრალდებულების ვერსია, თითქოს ცოტნე გამსახურდია იყო კონფლიქტის ინიციატორი.

მისივე თქმით, მოწმეთა უმრავლესობა, რომელიც არის ნეიტრალური, ამბობს, რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო გიორგი სოლოღაშვილი.

„მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ დღეს იმ მასალების მიხედვით, რომელსაც მე გავეცანი, როგორც მოსალოდნელი იყო, სრულიად გაბათილდა ბრალდებულების ვერსია, თითქოსდა ცოტნე გამსახურდია იყო ამ კონფლიქტის ინიციატორი. პირიქით, მოწმეთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც არიან ნეიტრალურები და იმყოფებოდნენ სუფრაზე, რომლებიც იყვნენ გამოკითხულნი, ადასტურებენ იმას, რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო გიორგი სოლოღაშვილი, რომელმაც იუკადრისა ცოტნე გამსახურდიას შეთავაზება გაცილებასთან დაკავშირებით. ასევე დასტურდება ის, რომ დაახლოებით მას შემდგომ, რაც ქვათაძეებმა, ტატო ღარიბაშვილმა და კახა ჩხეტიანმა დატოვეს სუფრა, ცოტნე გამსახურდია კიდევ ოცი წუთი იმყოფებოდა სუფრაზე, შემდეგ გავიდა და მას სახლთან მოუწყეს ჩასაფრება აღნიშნულმა პირებმა. ამას ვიძახი სრული პასუხისმგებლობით, ნეიტრალური მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებიდან. ასევე დასტურდება ის, რომ აღნიშნული პიროვნებები იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში უკვე მაშინ, როცა მივიდნენ სუფრაზე, სადაც ცოტნე გამსახურდია უკვე იმყოფებოდა. ყველა მოწმე ადასტურებს, რომ ცოტნე გამსახურდია პრაქტიკულად არ სვამდა და იგი ხშირად გადიოდა და შემოდიოდა სუფრაზე. ასევე ყველა ადასტურებს, რომ ცოტნე გამსახურდია იყო კეთილგანწყობილი და იცნობდა ქვათაძეებს, რომლებსაც ძალიან გულთბილად მიესალმა, როდესაც ისინი მივიდნენ აღნიშნულ სუფრაზე. შესაბამისად, ბრალდებულების წარმოდგენილი ვერსია, რომ თითქოსდა ცოტნე გამსახურდიამ შექმნა კონფლიქტური სიტუაცია და შემდეგ დაედევნა მათ, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული“,- აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, გიორგი სოლოღაშვილი ცდილობს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, რითაც ხელს აფარებს თორნიკე ქვათაძეს.

„ესენი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებიც ჩაუსაფრდნენ მუხანათურად ცოტნე გამსახურდიას და უსასტიკესად გაუსწორდნენ. რა მოტივი ამოძრავებდათ რეალურად, რა იყო მათი მიზანი როდესაც მივიდნენ სუფრაზე, იყო თუ არა ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. გიორგი სოლოღაშვილი ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე და ამით გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისაგან მისი ძმა თორნიკე ქვათაძე. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით თორნიკე ქვათაძის მონაწილეობა აღნიშნულ საქმეში ანუ მინიმუმ ფიზიკურ დაპირისპირებაში ვფიქრობ დასტურდება, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ არის გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩასატარებელი“,- განცხადა ადვოკატმა.