ცნობილია, რატომ გვიცავს ტუბერკულოზის ბცჟ ვაქცინა სხვა მრავალი ინფექციისგანაც — #1tvმეცნიერება
ცნობილია, რატომ გვიცავს ტუბერკულოზის ბცჟ ვაქცინა სხვა მრავალი ინფექციისგანაც — #1tvმეცნიერება

როდესაც აფრიკაში, გვინეა-ბისაუსა და უგანდაში ჩვილები ტუბერკოლოზის ვაქცინით აცრეს, რაღაც გამორჩეული მოხდა.

აღმოჩნდა, რომ ვაქცინამ ისინი არა მხოლოდ სამიზნე ბაქტერია Myocbacterium tuberculosis-ისგან დაიცვა, არამედ სხვა მრავალი არამონათესავე ინფექციისგანაც, მათ შორის რესპირატორული ინფექციებისა და ისეთი სერიოზული გართულებებისგან, როგორიც არის სეფსისი.

ავსტრალიელი მკვლევრებმა ახლა განსაზღვრეს ის ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც ტუბერკულოზის ვაქცინის მიზანმიმართული ეფექტების მიღმა იმალება.

ვაქცინა, რომელსაც კალმეტ-გერენის ბაცილას (ბცჟ) უწოდებენ, მკვლევართა ჯგუფმა 63 ახალშობილს დაბადებიდან 10 დღის ვადაში გაუკეთა და შემდეგ, მათი პროგრესი საკონტროლო ჯგუფში შემავალი 67 ახალშობილისას შეადარა, რომლებიც ბცჟ ვაქცინით არ აუცრიათ.

მკვლევრებმა ორივე ჯგუფის ჩვილებისგან სისხლის ნიმუშები აიღეს და შეისწავლეს სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებსაც მონოციტებს უწოდებენ.

მონოციტები ადამიანის სხეულის თანდაყოლილი იმუნური სისტემის ნაწილია, რომლებიც პათოგენებისგან დაცვის წინა ხაზს უზრუნველყოფს და არ არის რომელიმე ერთი კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ გამიზნული.

ამ მონოციტების შესწავლისას, მკვლევრებმა აღმოაჩინეს გამორჩეული ეპიგენეტიკური სხვაობები — ანუ ცვლილებები გენების გამოხატვაში ან იმის კონტროლში, რომელი გენი გააქტიურდეს და რომელი გამოირთოს — ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ჯგუფებს შორის; თანაც, ეს ცვლილებები ვაქცინაციიდან დაახლოებით 14 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

ვაქცინირებულ ჩვილებში, ბცჟ ვაქცინამ „გაწვრთნილი“ მონოციტები ისე გადააპროგრამა, რომ ისინი უფრო რეაგირებადი გახდა ზოგადად პათოგენებისადმი; და ეს ეპიგენეტიკური ხელწერა შემდეგი თაობის მონოციტებსაც გადაეცა ვაქცინაციიდან ერთი წლის შემდეგაც კი.

მკვლევართა განცხადებით, ეს გახლავთ მექანიზმი, რომელიც აფრიკის ქვეყნებში ფიქსირდება ბცჟ ვაქცინების ფართო, დამცველებითი ეფექტის მიღმა.

„პირველად ისტორიაში, ვაჩვენეთ, როგორ შეიძლება ბცჟ ვაქცინას გრძელვადიანი ეფექტები ჰქონდეს ახალშობილთა იმუნურ სისტემაზე“, — ამბობს კვლევის ავტორი, მელბურნის მერდოკის ბავშვთა კვლევის ინსტიტუტის (MCRI) მოლეკულური ბიოლოგი ბორის ნოვაკოვიჩი.

ამ ეპიგენეტიკურ ცვლილებათა დეტალურად შესასწავლად, მკვლევრებმა ასევე გამოიყენეს ინ ვიტრო ექსპერიმენტები.

ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანებისგან მათ მონოციტები გამოაცალკევეს და ორი ტიპის ბცჟ ვაქცინის უჯრედების ზემოქმედების ქვეშ მოაქციეს; შდეგად, დააფიქსირეს სხვადასხვა ცვლილებები სხვადასხვა ეპიგენეტიკურ მოდიფიკაციებში.

მათ შორის იყო დნმ-ის მეთილირება — დნმ-ის მიმდევრობის მოლეკულური მოდიფიკაციები — და ჰისტონები — მოზრდილი ცილები, რომელთა გარშემოც ეხვევა დნმ-ის სპირალები.

მონოციტები პათოგენებს უჯრედის გარე ზედაპირზე არსებულ რეცეპტორთა გამოყენებით ეპასუხებიან.

როდესაც ეს რეცეპტორები პათოგენს ეკონტაქტებიან, მონოციტი უჯრედი პათოგენს „ჭამს“ (ფაგოციტოზი), რაც ასევე იწვევს კასკადურ მოვლენებს უჯრედში, სადაც ერთი ცილა მეორე უჯრედს რთავს და ასე გრძელდება იქამდე, ვიდრე ეს არ გამოიწვევს ცვლილებას უჯრედის გენების ექსპრესიაში.

ნოვაკოვიჩის განცხადებით, ბცჟ ვაქცინის მოქმედება მონოციტის დნმ-ს ისე „გადაფუთავს“, რომ ეს მთლიანი პროცესი დაჩქარდეს და ჩქარა რთავს იმ გენებს, რომლებიც საფრთხისადმი საპასუხოდ არის საჭირო.

მონოციტების მაღალ მზადყოფნაში მოყვანა მათ უფრო რეაგირებადს ხდის არა მხოლოდ ტუბერკულოზის, არამედ ყველა ინფექციისადმი.

ადრე მიიჩნეოდა, რომ თანდაყოლილ იმუნურ სისტემას წინა ინფექციათა დამახსოვრების გზა არ ჰქონდათ, ადაპტური იმუნური სისტემისგან განსხვავებით, რომელიც T-ლიმფოციტებსა და სპეციფიკურ ანტისხეულებს იყენებს წარსულში შეხვედრილ პათოგენთა დასამახსოვრებლად.

გასული ათწლეულის განმავლობაში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თანდაყოლილ იმუნურ სისტემას შეუძლია არასპეციფიკური მეხსიერების გამომუშავება, რასაც „გაწვრთნილ იმუნიტეტს“ უწოდებენ. ნოვაკოვიჩის განცხადებით, ეს ნამდვილი გარღვევა იყო.

იმუნური სისტემის ჰიპერრეაქტიულობას მხოლოდ ბცჟ ვაქცინა როდი განაპირობებს. ასეთივე ეფექტი აქვს სხვა ცოცხალ ატენიურებულ ვაქცინებს, რომლებიც ვირუსის შესუსტებულ ფორმას იყენებენ ისეთი დაავადებებისგან დასაცავად, როგორებიც არის პოლიო, წითელა და ყვავილი.

თანდაყოლილ იმუნურ სისტემას უფრო რეაგირებადს ასევე ხდის ისეთი მდგომარეობები, რომლებიც ორგანიზმზე სტრესს განაპირობებს, მაგალითად, სიმსუქნე და ქოლესტერინის მაღალი დონე, ჭრილობები.

მიუხედავად იმისა, რომ ნოვაკოვიჩისა და მისი კოლეგების კვლევა ფოკუსრებული იყო გაწვრთნილი იმუნური სისტემის ძირითად ბიოლოგიურ მექანიზმებზე, მას შეიძლება რეალურ ცხოვრებაშიც ჰქონდეს სარგებელი.

ქვეყნებში, სადაც მაღალია ახალშობილთა სიკვდილიანობა, ტუბერკულოზის, წითურასა და ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციას შეიძლება სასარგებლო ეფექტები ჰქონდეს ბავშვების სხვადასხვა ინფექციებისგან დაცვის მხრივაც.

ნოვაკოვიჩის თქმით, ავსტრალიაში, სადაც ბავშვები იშვიათად იღუპებიან ინფექციური დაავადებებით, არსებობს დიდი ინტერესი ბცჟ ვაქცინის პოტენციური გამოყენებისადმი ბავშვებში ალერგიებისა და ეგზემის პრევენციისათვის.

მეცნიერთა არგუმენტი ის არის, რომ ბცჟ ვაქცინას შეიძლება სასარგებლო ეფექტი ჰქონდეს იმუნური სისტემის განვითარებაზე.

შარშან, MCRI-ის მკვლევრებმა ჟურნალ Allergy-ში გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის მიხედვითაც, ბცჟ ვაქცინაციას მოკრძალებული სასარგებლო ეფექტი ჰქონდა ეგზემის პრევენციის თვალსაზრისით იმ ახალშობილებში, რომლებსაც მემკვიდრეობითი მიდრეკილება ჰქოდათ კანის ამ დაავადებისადმი.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.