შეუძლია თუ არა ბცჟ ვაქცინას კორონავირუსის შეჩერება
შეუძლია თუ არა ბცჟ ვაქცინას კორონავირუსის შეჩერება

ვაქცინას, რომელიც ევროპაში ასი წლის წინ ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ შექმნეს, მეცნიერები ახლა კორონავირუსის წინააღმდეგ ტესტავენ იმის იმედით, რომ სამედიცინო პერსონალისა და დანარჩენი საზოგადოების დაცვის საშუალებას იპოვნიან.

კალმეტ-გერენის ბაცილა (ე. წ. ბცჟ) ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება განვითარებად ქვეყნებში, სადაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ის უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ ტუბერკულოზის პრევენციაა. ვაქცინა ჩვილებს სხვადასხვა მიზეზით სიკვდილისგან იცავს, მკვეთრად ამცირებს რესპირატორული ინფექციებით ავადობის რისკს.

ექსპერტთა განცხადებით, როგორც ჩანს, ვაქცინა იმუნურ სისტემას „წვრთნის“ სხვადასხვა ინფექციის ამოცნობასა და შესაბამისი პასუხის გაცემაში, მათ შორის არის ვირუსები, ბაქტერიები და პარაზიტები. ჯერ მხოლოდ მცირე მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს ვაქცინა შეასუსტებს კორონავირუსულ ინფექციას, მაგრამ უკვე დაიწყო კლინიკური ცდები, რომლებიც ამ კითხვას რამდენიმე თვეში გასცემს პასუხს.

ცოტა ხნის წინ, ავსტრალიაში, მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ათასობით ექიმს, ექთანს და სამედიცინო პერსონალის სხვა წარმომადგენლებს ბცჟ ვაქცინა ან პლაცებო გაუკეთეს. ეს გახლავთ პირველი რანდომიზებულად კონტროლირებადი ცდა იმ რამდენიმეს შორის, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ამ ვაქცინის შესამოწმებლად დაიწყო.

„არავინ ამბობს, რომ ეს პანაცეაა. ჩვენ მხოლოდ ის გვსურს, რომ შევამციროთ სამედიცინო პერსონალის ინფიცირებულ წარმომადგენელთა გამოჯანმრთელების დრო, რომ ისინი მალე დაუბრუნდნენ სამსახურებს“, — ამბობს მელბურნის უნივერსიტეტისა და მარდოკის ბავშვთა კვლევის ინსტიტუტის ინფექციურ დაავადებათა მკვლევარი ნაიჯელ კურტისი.

ცდა სამედიცინო პერსონალის 1000 წარმომადგენლზე მარტის ბოლოს დაიწყო ნიდერლანდებშიც. 800 მონაწილეს ვაქცინა გაუკეთდა, 200-ს პლაცებო. (პლაცებო გაუკეთდა ტესტირების მონაწილეთა ნახევარს ავსტრალიაშიც).

მასაჩუსეტსის ზოგადი პროფილის ჰოსპიტლის იმუნობიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს, დოქტორ დენის ფაუსმენს სურს, რომ ამ ვაქცინის კლინიკური ცდები სამედიცინო პერსონალზე ბოსტონშიც დაიწყოს. ცდის პირველადი შედეგები ოთხ თვეში გახდება ცნობილი.

„ნამდვილად ძლიერი კლინიკური მონაცემები გვაქვს ადამიანებისგან და არა თაგვებისგან, რომ ეს ვაქცინა გვიცავს ვირუსული და პარაზიტული ინფექციებისგან. ვისურვებდი, ცდა დღესვე დაგვეწყო“, — ამბობს დოქტორი ფაუსმენი.

ბცჟ (B.C.G) ვაქცინას უჩვეულო ისტორია აქვს. მისი შექმნის შთაგონების წყარო გახდა 1890-იან წლებში წარმოებული დაკვირვებები, რომელთა მიხედვითაც, ძროხის მწველავებს ტუბერკულოზი არ ემართებოდათ. ვაქცინას სახელი მისი გამომგონებლების პატივსაცემად ეწოდა; ესენი იყვნენ ფრანგები, დოქტორი ალბერ კალმეტი და დოქტორი კამილ გერენი, რომლებმაც ის 1900-იანი წლების დასაწყისში შექმნეს Mycobacterium bovis ბაქტერიებისგან — ტუბერკულოზის ფორმისგან, რომელიც მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს აინფიცირებდა.

მეცნიერებმა ეს ბაქტერიები ძროხის ცურიდან აფხიკეს და მთელი ათი წლის განმავლობაში ახდენდნენ მათ კულტივირებას, იქამდე, ვიდრე ისინი იმდენად არ დასუსტდა, რომ ლაბორატორიის ცხოველებზე გამოცდის შედეგად მათ მომაკვდინებელი დაავადება აღარ გამოიწვიეს.

ვაქცინა ადამიანებში პირველად 1921 წელს გამოიყენეს და მისი ფართოდ შემოღება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა. ამჟამად ბცჟ ძირითადად გამოიყენება განვითარებად სახელმწიფოებში და იმ ქვეყნებში, სადაც ტუბერკულოზი კვლავ გავრცელებულია; ჯამში, მსოფლიოში ყოველწლიურად ამ ვაქცინით 100 მილიონზე მეტი ჩვილი იცრება.

სხვა ვაქცინების მსგავსად, ბცჟ-ს აქვს კონკრეტული სამიზნე — ტუბერკულოზი. თუმცა, გასული ათწლეულის განმავლობაში დაგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ვაქცინას ასევე აქვს ე. წ. არასამიზნე ეფექტები, მაგალითად, ამცირებს ვირუსულ დაავადებებს, რესპირატორულ ინფექციებსა და სეფსისს და როგორც ჩანს, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.

იდეა მდგომარეობს „ჰიგიენის ჰიპოთეზის“ განშტოებაში, რომლის მიხედვითაც, ამჟამინდელმა აქცენტმა სისუფთავეზე, ბავშვებს მოაკლო მიკრობებთან კონტაქტი. „წვრთნის“ ნაკლებობამ შეასუსტა იმუნური სისტემა, ანუ დაუტოვა დაავადებასთან წინააღმდეგობის ნაკლები უნარი.

ბცჟ ვაქცინაციის ფართო ბენეფიტების შესახებ ჩატარებული ერთ-ერთი პირველი ცდა იყო რანდომიზებული ცდა დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო გვინეა-ბისაუში, რომელიც 2011 წელს 2320 ჩვილზე ჩატარდა. კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ვაქცინაციის შემდეგ დრამატულად შემცირდა დაბალი წონით დაბადებული ჩვილების სიკვდილიანობის მაჩვენებელი. შემდგომი კვლევისას კი გაირკვა, რომ დაბალი წონით დაბადებულ ბავშვებში ინფექციური დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ვაქცინაციის შემდეგ 40 პროცენტით შემცირდა.

სხვა ეპიდემიოლოგიური კვლევები, მათ შორის 25 წლის განმავლობაში 33 ქვეყანაში მიმდინარე კვლევა 150 000 ბავშვზე, მიუთითებს, რომ ბცჟ ვაქცინაციის შემდეგ, ბავშვებში 40 პროცენტზე მეტით მცირდება ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებით სიკვდილიანობის რისკი.

ზრდასრულ ადამიანებში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბცჟ-ით თანმიმდევრულმა ვაქცინაციამ ზედა სასუნთქი გზების ინფექციებით ავადობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეამცირა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლოდროინდელი მიმოხილვის თანახმად, ბცჟ ვაქცინას აქვს სასარგებლო „არასამიზნე ეფექტები“ და ამავე დროს, ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, ჩატარდეს ამ ვაქცინის ცდები ფართო დიაპაზონის ინფექციათა წინააღმდეგ.

„ამ ვაქცინამ იმდენივე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, რამდენიც პოლიოს ვაქცინამ, ზედმეტად ამაღელვებელი ამბავია“, — ამბობს დოქტორი კურტისი, რომელიც ბცჟ-ის მელბურნში დაწყებულ ცდებს ხელმძღვანელობს.

მიუხედავად იმისა, რომ ბცჟ ვაქცინას ის სათანადოდ დაუფასებელს უწოდებს, იქვე დასძენს, რომ ის ვერ იქნება COVID-19-ის საწინააღმდეგო სპეციფიკური ვაქცინა. ბცჟ-ის გამოყენება არ შეიძლება სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებზეც, რადგან ის შესუსტებული ვირუსის შემცველი ვაქცინაა, ანუ, შეიცავს ცოცხალ მაგრამ შესუსტებულ ტუბერკულოზს.

დოქტორი ფაუსმენი ამბობს, რომ მისი გამოყენება დაუშვებელია აქტიური დაავადების მქონე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რადგან მან შეიძლება სწრაფად ვერ იმუშაოს და მცირედით ურთიერთქმედებაში შევიდეს სხვა მედიკამენტებთან.

ბცჟ-ის მიმართ არსებულ იმედებში ყველა ოპტიმისტურად განწყობილი არ არის. კოლუმბიის უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგი დომინიკო აკილი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ამ ვაქცინის გამოყენება „ცოტა ჯადოსნურ ამბავს ჰგავს“.

მისი განცხადებით, ბცჟ იმუნური სისტემის არასპეციფიკური გამაძლიერებელია და უნდა გამოვიყენოთ უფრო მორგებული მიდგომა.

რჩება კითხვა, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ვაქცინას იმ პაციენტებზე, რომელთა იმუნური სისტემაც კორონავირუსის წინააღმდეგ ზედმეტად რეაგირებს და იწვევს ე. წ. ციტოკინეზურ შტორმს (ციტოკონეზი ეწოდება უჯრედების დაყოფას — ერთი უჯრედიდან ორი შვილობილი უჯრედის წარმოქმნას). ალაბამის უნივერსიტეტის ციტოკინეზური შტორმის ექსპერტის, დოქტორ რენდი კრონის განცხადებით, ამის წინასწარ ცოდნა შეუძლებელია.

საშუალო და მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მონაცემებზე ჩატარებული ბოლოდროინდელი ანალიზი მიუთითებს ბცჟ ვაქცინაციის პოლიტიკის კორელაციაზე და ასკვნის, რომ იმ ქვეყნებში, რომლებშიც ბცჟ-ის უნივერსალური ვაქცინაცია არ ხდება ან უკვე აღარ ხორციელდება, უფრო მაღალია კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები ერთ სულ მოსახლეზე. მკვლევართა განცხადებით, ანალიზი არ შეხებია დაბალშემოსავლიან ქვეყნებს, რადგან COVID-19-ის მონაცემები იქიდან არაზუსტად მოდის და აქვთ სუსტი სამედიცინო სისტემები.

„რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ახალი ვაქცინის შექმნა, მაგრამ ამას თითქმის ორი წელი სჭირდება, რაც ძალიან გვიანია, რადგან დრო არ ითმენს. თუ ამასობაში ხელში ჩაგვივარდება რაღაც გლობალური, ზოგადი საშუალება, რომლითაც ადამიანებს ვირუსის წინააღმდეგ გავაძლიერებთ, ეს იქნება საზოგადოების გამარჯვება“, — ამბობს მასაჩუსეტსის ჰოსპიტლის იმუნობიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, დოქტორი დენის ფაუსმენი.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.