ცნობილი ბრიტანელი მკვლევარი ტიმ სევერინი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
ირლანდიის ქალაქ კორკში, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ბრიტანელი მკვლევარი, ისტორიკოსი და მწერალი, ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი ტიმ სევერინი. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი ავრცელებს.
ტიმ სევრინი ცნობილი იყო სხვადასხვა რეალური, თუ მითიური პიროვნებების მოგზაურობათა მარშრუტების გამეორებით. 1984 წელს ტიმ სევერინმა გადაწყვიტა არგონავტების მითის რეალურობის შემოწმება და ხელნაკეთი გემით საბერძნეთიდან საქართველოში იმოგზაურა. ახალი დროის „არგონავტებმა“, კაპიტან ტიმ სევერინის ხელმძღვანელობით, მოგზაურობა 1984 წლის 3 მაისს დაიწყეს. „არგოს“ ეკიპაჟის შემადგენლობაში 13 ინგლისელი და ირლანდიელი შედიოდა.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მათ ქართველი მენიჩბეები დაემატნენ. ექსპედიცია გაეცნო ვანის არქეოლოგიურ გათხრებს, იმყოფებოდა ჭყვიშში, გაეცნო ნოქალაქევსა და სვანეთს. ტიმ სევერინმა და „არგონავტებმა“ საქართველო 1984 წლის 2 აგვისტოს დატოვეს. მოგზაურობის შესახებ საქართველოს ტელეფილმების სტუდიამ დოკუმენტური ფილმი გადაიღო – „33 საუკუნის შემდეგ“.
2014 წელს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, ტიმ სევერინი და ექსპედიციის მონაწილეები, საქართველოში მოგზაურობიდან 30 წლისთავის აღსანიშნავად, კვლავ ეწვივნენ საქართველოს.