ყოფილმა დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ გემი „არგო“ მდინარე რიონში გაუშვა
ყოფილმა დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ გემი „არგო“ მდინარე რიონში გაუშვა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და ყოფილმა დეპუტატმა, ომარ ნიშნიანიძემ გემი „არგო“ მდინარე რიონში გაუშვა. გემმა გეზი ფოთიდან, მდინარე კაპარჭიდან აიღო და მარშრუტს 2 ივნისს ვანში დაასრულებს.

ომარ ნიშნიანიძის თქმით, მოგზაურობით მას იმის დადასტურება უნდა, რომ არგონავტების კოლხეთის დაბლობში ჩასვლა არა მითი, არამედ ისტორიის ნაწილია. ​გემზე მითიური გმირები გაცოცხლდნენ.

„ძველ ფაზისში ვართ, კოლხეთის გამორჩეულ ქალაქში, სადაც არგონავტები პირველად მოვიდნენ და დაიწყო მათი მოგზაურობა რიონის აღმა, ქუთაისისაკენ. ამ ექსპედიციას ვუძღვნით ტიმ სევერინის მოგზაურობიდან 35 წლისთავს. მან ივნის-ივლისში, 1984 წელს ჩაატარა სამეცნიერო ექპერიმენტული ექსპედიცია და დაუმტკიცა მთელ მსოფლიოს, რომ მითი არგონავტების შესახებ არის რეალური ისტორია, რაც ჩვენთვის საამაყოა“, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

ხომალდის აგება ფოთში ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყვნენ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები.

მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა „არგოს“ მშენებლობისა და ქუთაისში პორტის მშენებლობის იდეა 2013 წელს გამოთქვა. ომარ ნიშნიანიძე მაშინ ამ იდეის გამო საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა.