ცნობილი ამერიკული გამოცემა ქართული ყველის სახეობებზე სტატიას აქვეყნებს
„საქართველოს დავიწყებული ყველი“ – ამ სახელწოდებით სტატიას ცნობილი ამერიკული გამოცემა „სევეღი“ (Saveur) აქვეყნებს.
პუბლიკაციის ავტორი საქართველოს რეგიონებში გავრცელებული ყველის სხვადასხვა სახეობების შესახებ წერს. ერთ-ერთ ასეთ სახეობად დასახლებულია „ნარჩვი“, რომელსაც სტატიის ავტორის თქმით, სვანეთში, კერძოდ ლახამულაში ამზადებენ.
„მასპინძელმა ამ ყველს ღვთის საჩუქარი უწოდა და ეს გადამეტებული არ ყოფილა, რადგან ეს ნამდვილად არაორდინალური ყველი იყო. ნარჩვი – ეს არის ძროხის რძისგან დამზადებული, ღრმა და ინტენსიური არომატის მქონე ყველი, რომელსაც კარაქის მსგავსი ტექსტურა და თავიდან მოტკბო გემო აქვს. მას ერთი წლის განმავლობაში ხის ყუთში ინახავენ. ამ დროს ამ ყველს თხილის გემო ემატება, – წერს „სევეღი“ (Saveur).
როგორც ავტორი წერს, მას სვანეთში ნარჩვით დამზადებული ხაჭაპური გაასინჯეს, რომელსაც კანაფის თესლი ჰქონდა დამატებული.
„ეს ამ კუთხის, კიდევ ერთი მივიწყებული ტრადიციაა, რომელმაც ხაჭაპურს განსაკუთრებული გემო შესძინა“, – ნათქვამია სტატიაში.
ასევე, პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს ახალციხის მუნიციპალიტეტში, თურქეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე სოფელ ანდრიაწმინდაში დამზადებულ ფაშვის ყველს, რომელიც ფაშვში არის დავარგებული. ავტორი მარ იტალიურ პარმეზანსა და მწარე ჩედარს ადარებს. „ეს არის ძროხის რძის ყველი, რომელიც სამი თვის განმავლობაში თხის ფაშვში ინახება“, – ნათქვამია სტატიაში.
„სევეღი“ (Saveur)-ი ასევე ვრცლად წერს ტენილი ყველის დამზადების ტექნიკის შესახებ და ქართლში მცხოვრები აჭარლების მიერ დამზადებულ ყველ „შუშველაზე“.
ავტორი მიიჩნევს, რომ ქართული ყველისა და ღვინის ხარისხის დაქვეითება ძირითადად საბჭოთა კავშირის რეჟიმის მმართველობის შედეგი იყო.
„ქართული ყველის ეს სახეობები, ისევე როგორც ღვინოც, საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს დაკარგული იყო, ღვინის მწარმოებლები ძირითადად უვარგის ღვინოს ასხამდნენ და ეს 90-იან წლებამდე გრძელდებოდა, მაგრამ ღვინის ბაზრის გაფართოებასთან ერთად, მწარმოებლები ტრადიციულ მეთოდებს დაუბრუნდნენ და მიწაში დამარხულ თიხის ჭურჭელში ინახავენ. დღეს ბევრი ქართული ნატურალური ბოთლის ღვინო მთელ მსოფლიოში მოთხოვნადია – ამ ღვინოს გასინჯავთ ლოს-ანჯელესში და პარიზის ნეო-ბისტროებში“ – ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ყველის დასამზადებლად საჭირო ატრიბუტები, რომელთა ნაწილი 8000 წლისაა. ავტორის თქმით, საქართველოში იმედი აქვთ, რომ მალე მსოფლიო მათ სამშობლოს არა მხოლოდ ღვინით, არამედ ყველითაც გაიცნობს.